იორდანისებრ ექსკლიუზივი
მოსაწყენია ყოველივე ამ ქვეყანაზე,
თუ არ ჩარაზე გულის კარი მზეებრ სწორულად
ამ ჩემი ყოფნით ქვეყნად იქნებ ბევრსაც ვაბრაზებ,
და თავს ვაბეზრებ, რად არ ვცხოვრობ
ძერებრ-ქორულად...
ჩაივლის ვერე ბეთანიას იორდანისებრ.
და გიკვირს მერე, შეგრჩა კიდევ რამე საამო?
მოცვით შემცბარი შებინდება დახრის ლალის ფერს,
და ჩამოკაწრავს ალმასის წვერს ბერის საღამო...
და მე კი ამ დროს, დაცემული, ხიბლით დამთვრალი,
ავცქერი გუმბათს – მზე სარატანს –
ჯვარზე ცხრა ცისას!
მაგრამ რომელი მფარველობდეს წმინდა რვა თვალი,
ანდა როდემდე ოთხის რწმენა მზერით დამიცავს...თუკი არც ერთის ცრემლის ციაგს ცრემლით არ ვიცავ,
და ჩემი ყოფით თუკი მართლაც ბევრსაც ვაბრაზებ...
ერთი წამიც და, თუკი ფეხი კვლავ არ დამიცდა,
შემოვიფერთხავ უფლის მტვერით ამ მატრაბაზებს...
და რაღაც გინდა ჰკითხო მერე წარსულის ლანდებს,
ანდა იმ შაშვებს – სოფლის რწმენით სავსე მონაზვნებს.
ან იმ ყვავილებს – მოკვდავთათვის მოფენილ დარდებს,
რად სვეს სამსალად სიყვარული, თუკი მონად სვეს...
და მაინც ვერ ვგმობ ამ სიხარულს განკიცხვისათვის.
მადლობა უფალს – უფლის
მტევნით დაბრძნილ ვენახებს.
ჩემი საწუთრო ღირდა თუნდაც ერთი დღისათვის,
ერთი წუთისთვის, – ერთი წამით შენ რომ მენახე...
და ისევ კაწრავს ალმასის წვერს ბერის საღამო,
და მე კი ისევ დაცემული ხიბლით დამთვრალი
ავცქერი გუმბათს – მზე სარატანს
– ჯვარზე ცხრა ცისას,
მაინც როდემდე მმფარველობდეს წმინდა რვა თვალი...
ქვევით კი გზნებით ჩხრიალებენ ქალაქის გზები.
აქ მთვარის მოყმე შემორკალავს მზერით დანის სერს.
ისევ გამორბის შამბნარიდან შიშველი ვეფხვი...
და მოაგორებს ვერე დრო-ჟამს იორდანისებრ...