ზარი ბოდბის მონასტერში ექსკლიუზივი
მოეღება ბოლო ლოდინს...
მოეღება ბოლო ლოდინს...
როდის? როდის? როდის? როდის?
მდუმარება ლღვება ლოდის...
ქრისტე მოდის...
ქრისტე მოდის...
ქრისტე მოდის...
მოდის, მოდის, მოდის, მოდის...
დროა, `მჭევრმეტყველთა” ბოდვის,
დროა ფარისეველთ ოდის,
ჯერ ადრეა... ჯერ ბრბო მოდის,
აქ ნეტავი რად მოვრბოდი?!
ნიღბებია შესაზარი,
წაშლილია ცის საზღვარი,
სულში სძინავს რწმენის მარცვალს,
ვიღაც უხილავი მძარცვავს,
ვდგავარ, როგორც მონა მტვერში...
ზარი ბოდბის მონასტერში
იღვიძებს და იწყებს რეკვას,
გადამიქცევს ვარდად ეკალს,
ზარო, მინდა მარად რეკდე,
ანათებდე წმინდა ეკვდერს,
მათბობს სხივი ღვთიურ ოდის,
ეს რა ბედი მერგო, ცოდვილს...
ქრისტე მოდის...
ქრისტე მოდის...
ქრისტე მოდის...
მოდის, მოდის, მოდის, მოდის!...