ლილოჭრილო ექსკლიუზივი
დიდხანს იწვალა თოვლქვეშ ბალახმა –
ვეღარ გავიდა თეთრი გრილოდან...
თოვლი წასვლაზე იყო თანახმა,
მაგრამ ზამთარმა ბევრი ილოთა...
თუმცა ყინვამ რომ მიწა დანაღმა –
ისე აფეთქდა ერთ დღეს – დანახვა
ვერ მოვასწარი ლილოჭრილოთა.
ლილოჭრილოსი მიყვარს ალერსი –
ვუალერსებ და თითებს მილოკავს,
ჩამოგავს სონეტს – მიწის გალექსილ,
ღიად დარჩენილ თოვლის ჭრილობას...
ბალახის ხათრით შხამსაც დალევს ის –
თავგანწირვა აქვს უბრწყინვალესი...
დავცქერ და მინდა ლილოჭრილობა.