მოგზაურობა ექსკლიუზივი
ჩვენ ჩავუარეთ ლორთქო ბალახით
მწვანედ შეღებილ ნისლიან მინდვრებს,
სად ნისლებივით ფაფარაშლილი
და ნისლისფერი ცხენები იდგნენ...
ჩვენ ჩავუარეთ: ტანძიის ტაძრებს
და თეთრ გუმბათებს აფრენილს ცამდე,
ციხეებს ჩაშლილს და ჩამომტირალს,
იმ გარდასულის სევდიან ლანდებს...
ჩვენ ჩავუარეთ: კრძალვით და რიდით
ერის დიდების დიად ძეგლს – დიდგორს,
ისე დიდები ვიყავით მაშინ
იმ ომში დავითს ჩვენც ვახლდით თითქოს...
ჩვენ ჩავუარეთ: ყაყაჩოებით
ცეცხლწაკიდებულ მარაბდას, კრწანისს,
სად საქართველოს განუკურნელი
და საუკუნო ტკივილი ვცანით...
ვნახეთ გელათი დედამიწიდან,
როგორ ათოვდა სინათლეს სივრცეს,
ზეცის ჩუქურთმად
ელავდნენ მთებიც
და მობიბინე ღრუბლებში იწვნენ...
ჩვენ ჩავუარეთ მძინარ აკლდამებს, –
მეომრებს დაღლილთ ცივი სამარით,
მათ საფლავზე კი ვით უკვდავება
ენთო ვარდი და იასამანი...
ელავდა მნათი და მისი თმები
ქართლის ველებზე
სიმივით თრთოდნენ
და ნამის მკრთალი სამკაულები
გულზე ებნიათ მინდვრებს და კორდებს...
ისევ დაჰქროდა ქარი მკათათვის,
ნისლებიც ისევ ეფინენ მტკვართან
და საქართველო,
როგორც ყოველთვის,
კვლავ ამოღებულ სატევარს ჰგავდა!..