საღამო ქართლში ექსკლიუზივი
ქარი – ბებერი, ბუზღუნა მნათე,
მტკვარი – ოლარი, ნაქარგი მთვარით,
ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს
ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი.
გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები,
ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია...
ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით
მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან.
ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდი
და ყანისპირზე ყვავის სოსანი _
ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი,
თვალები ლურჯი _ იესოსავით.
თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები,
ახლა იით და შროშნით ფენილი
და ქედნებივით ჩანან ტაძრები, _
ქრისტეს უბიდან ამოფრენილი.