ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

ფოთლების პასიანსი 

რადგან შენ მოხუცი ხარ,

და რადგან მარტო ხარ;

რადგან სნეულიც ხარ და აღარაფერი შეგიძლია,

და უკვე არაფერად არა ხარ ჩასაგდები,

სამყარომ შეწყვიტა შენთან ჭიდილი,

შეწყვიტა და ნებაზე მიგიშვა. 

როცა გინდა, დაიძინე,

როცა გინდა, გამოიღვიძე,

როცა გინდა, ისაუზმე და როცა გინდა

გადი გარეთ, გაფრატუნდი,

და შემოდგომის დღეს დაენახვე. 

დაენახვე და დაინახე, თვალი მოავლე 

კარმიდამოს _ სახლსა და ეზოს,

რადგან სხვაგან აღარაფერი გესაქმება,

და უკვე ეზოს ღობითაა შემოსაზღვრული

შენი ყოფა,

და იქამდეა ახლა შენი თვალსაწიერი. 

თბილი დღეა. მზიანი დღეა და შეიძლება

ჩამოჯდომა ცოტა ხნით _გარეთ.

შეიძლება და ჩამოჯექი. აგერ, სკამი.

ეზოს სკამი და ეზოს მაგიდა.

მაგიდაზე უკვე ფოთლები,

ჰო, მაგიდაზეც ფოთლებია მიმოფანტული. 

ორ-სამ დღეში მოგაკითხავენ.

მოგაკითხავენ და მოგიკითხავენ,

დაგიტოვებენ საჭიროს და აუცილებელს,

თვითონ კი წავლენ, აქ დიდხანს ვერ გაჩერდებიან;

ორ-სამ დღეში, რადგან უკვე ორი კვირაა,

რაც წავიდნენ.

ეს დრო კი ის შუალედია,

რომლის ბოლოს ვიღაცა მოდის. 

.................

ზიხარ, მაგრამ რითი გავერთოთ?

გული რაზე გადავაყოლოთ?..

კარტი პიჯაკის ჯიბეში გაქვს? _ ჰოდა, გვეშველა.

ამოიღე, ამოაჩინე.

ხელჯოხი სკამზე მივაყუდოთ.

ახლა ხელი გადაუსვი დაფოთლილ მაგიდას: 

დამჭკნარი ხელი _ დამჭკნარი ფოთლები.

გადახვეტე, გადააბნიე.

აურიე კარტი და დაიწყე;

დაიწყე ის თამაში, რომელიც 

თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე 

შედეგით _ უაზროდ მთავრდება. 

...შვიდიანი, ცხრიანი, ვალეტი;

ჯვრისა და გულის ათიანი,

ორიანი, ხუთიანი, აგურის ტუზი,

გულის მეფე... ბანქო ცუდია.

გააჩნია, რა შემთხვევაში _

ახლა ნამდვილად არ არის ცუდი.

მერე რა რომ არ გამოვიდა?

კიდევ ვცადოთ, ავურიოთ კარტი და ავჭრათ;

თვითონვე ავჭრათ და ისევ დავიწყოთ. 

...გულის ტუზი, ჯვრის ვალეტი, ჯვრის სამიანი.

ხუთიანი. დამა. რვიანი.

აბა, თუ ვინმე შემოვიდეს.

ყვავის ცხრიანი. აგურის დამა. ექვსიანი.

აგური. ყვავი. თითქოს კარგად იკრიფება

ესეც, ესეც, ესეც... და ისევ გაჩერდა.

მერე კი გაიწელა _

რა უნდოდა აქ გულის სამიანს?..

ექვსიანი, ჯვრის ტუზი... ჰმ, ფოთოლი.

არა, ფოთოლი არ გამოდგება.!.. 

აკრიფე კარტი, აურიე და კიდევ სცადე.

განაგრძე თამაში.

მოსაგები არაფერია;

წასაგების არაფერია.

ის სხვაა და სხვაგანაა _ მართლა აზარტული

ბრიჯი თუ პოკერი და რა აღარ?

ვინ აღარ და როდის აღარ?!..

ბანქო მასაც კი ჰყვარებია _

ერის მამად და წმინდანად შერაცხილს;

თურმე ღამეებიც უთენებია,

არა მარტო საწერ მაგიდასთან,

სათამაშო მაგიდასთანაც.

და კაცმა რომ თქვას, რატომაც არა!... 

განაგრძე თამაში.

გაგრძელე კარტების მწკრივი;

ჯვრის ოთხიანი, ყვავის ტუზი, ყვავის რვიანი...

მოუხვიე და გამოამწკრივე: 

გულის მეფე, ჯვრის ცხრიანი, ყვავის ვალეტი.

ასე ერთად სად შეიყარნენ? _

დამა, დამა და ისევ დამა!..

გუშინ ქალები ბრუნდებოდნენ სამძიმარიდან.

ჰო, ვიღაც _ მეზობელ სოფელში.

ისევ ფოთოლი... ყველანი ვცვივით. 

განაგრძე თამაში.

თამაში თუ ფარული ჭიდილი?

კი, მაგრამ ვისთან?

გულის ექვსიანი, აგურის სამიანი, ტუზი.

და აი, მეოთხე დამაც _

რა უადგილოდ იჩინა თავი? _

ამის მერე რაღა გამოვა...

ჰმ, მოხუცი გრაფიანია

და სამი კარტის საიდუმლო.

სჯობს ავურიოთ და სხვა დავიწყოთ.

მზე გადაიხარა. 

განაგრძე თამაში.

თამაში ვისთან? საკუთარ თავთან?

თუმცა... ეს იქნებ საკუთარ თავთან 

თამაშიც არ არის?

ასეა თუ ისე, განაგრძე თამაში.

გაგრძელე კარტების მწკრივი,

მოუხვიე და გამოამწკრივე;

ერთმანეთზეც გადაალაგე _

შეამოკლე... და ისევ ფოთოლი! _

ამჯერად ყვავის მეფერს დასცემია.

უკაცრავად... გულის ტუზი, ჯვრის ათიანი;

ორიანი, ვალეტი, ტუზი

შენი ჩრდილი უკვე სწვდება 

მაგიდის კიდეს. 

ერთხელაც ვცადოთ 

და ამითი მოვათავოთ.

...აგური, ყვავი და ისევ აგური;

ხუთიანი, ვალეტი დამა;

ეს _ აქ. ეს _ აქ. ესეც, _ აქ;

ყვავის ტუზი, ჯვრის სამიანი...

ის ფილმი გახსოვს? _

კომედია, დრამატულად რომ მთავრდებოდა,

სულ ერთი კარტის, ერთი სვლის გამო...

ხომ მართლაც ასეა? _

თუ სისუსტეს გამოიჩენ,

და თუ სხვას არ გაიმეტებ,

შენ გაგიმეტებენ. 

... ჯვრის ორიანი, აგურის მეფე, გულის ცხრიანი.

თან გადავაწყოთ; ესეც, ესეც, ესეც...

ის კი არ მახსოვს,

ლეგენდაა თუ ანეგდოტია

(ცხოვრება ხომ ან ლეგენდაა 

ან ანეგდოტია)

ჰო, აღარ მახსოვს,

ვინ იყო ის, ცნობილი და ისტორიული _

მთელი ცხოვრება შლიდაო პასიანსს;

ბოლოს და ბოლოს,

როგორც იქნა, გააკეთაო.

მეორე დღეს კი, არც მეტი და არც ნაკლები,

თურმე სიცოცხლეს გამოასალმეს!.. 

.......

ასე რომ, შენ

გული ნუ დაგწყდება,

თუ ამჯერადაც არ გამოვიდა 

პასიანსი _კარტი და კარტი 

წამოკრიფე და აალაგე, დღეისთვის კმარა.

აგერ ხელჯოხი, წამოდექი, წამოიმართე... 

მაგიდაზე ისევ დაეცა ყვითელი ფოთოლი

მაგრამ ეს უკვე სულ სხვა თამაშია _

სხვა შინაარსის და სხვაგავარი წესრებით;

თამაში, უხილავი ხელით რომ თამაშდება;

და ვინ იცის, მერამდენედ... მაგრამ კმარა _

სახლში შესვლის დროა.

ჰო, დროა!..

??????