კახაძე ლადო
გაზიარება

*** "ძნელი არ არის მიმიხვდე სათქმელს" ექსკლიუზივი

ძნელი არ არის მიმიხვდე სათქმელს,
ცოდვის მარყუჟზე ბრალი ჰკიდია,
კრწანისის ველზე ერეკლე გასთქვეს,
დღესაც ერთგულთა დეფიციტია.
ენამ და ტვინმა სათქმელი არ თქვეს,
გულმა კი ბოღმა ვერ დაიტია,
კვლავ საიდუმლო ნიშანი დასთქვეს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
ჭორებმა წრფელი წილებად აქნეს,
სული სხეულში ციდა ჩიტია,
ძნელად თუ ვინმეს ენდობი საქმეს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
ქარი ხანდახან ქარიშხალს დასთესს,
ზოჯერ ჭკვიანიც მიამიტია
სიყვარულს ხშირად ორგული დასდევს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
ვდგავარ და შუბლით ვეყრდნობი სარკმელს,
ცაზე ბებერი მთვარე ჰკიდია,
კარგი გამგონე სჭირდება კარგ მთქმელს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
მერანი რკინის აღვირით მართეს,
დღესაც სინიდისს ვერცხლზე ჰყიდიან,
ვერ ენდობიან თუნდაც კარგ მმართველს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
ასჯერ ნაქები ათასჯერ დაგმეს,
ბოლო დროს შურმა შემოგვიტია,
დაუთმობელი ადვილად დასთმეს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
ძველი სცენარით სპექტაკლი დადგეს,
დღეს რეჟისორი ძალზედ `ბიტია”,
ყივჩაღს თხოულობს დიდგორის საქმე,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
წუხილი წუთით სამძიმრად ადგეს,
ღირსება სახელს მძივად ჰკიდია,
მუხის მაგივრად ტირიფი დარგეს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
სიმაძღრე მარტო მიირთმევს საჭმელს,
ფიალამ რუმბი ვერ დაიტია,
სეირი ართობს აბეზარ მნახველს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
დუმილი ოქროს სთავაზობს არ მთქმელს,
სიბრძნე გონებას მხარზე ჰკიდია,
ძველი ანბანი დოლაბში დაფქვეს,
რადგან ერთგულთა დეფიციტია.
მხოლოდ დრო იტყვის თავის წილ სათქმელს,
ვინ `კიტია” და ვინაც `ბიტია”,
მთვარე მოადგა ჩემს სახლის სარკმელს,
ვაგლახ, დროც თურმე დეფიციტია.

??????