ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

უადრესატოდ 

ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
და არც იმაზე გიფიქრია,
სად ვიყავი, რომელ კუნძულზე?
ერთხელაც არ გიხსენებივარ.
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
ადრესატი, ქუჩა, ქალაქი...

შენი სიტყვები კი ამ ხნის მანძილზე
მაინც მდიოდნენ და აღწევდნენ ჩემამდე.
სიტყვები, შენ რომ აგზავნიდი -
უსახელოდ, უმისამართოდ...
ნაწილ-ნაწილ, ანდა ერთბაშად;
დროულად, ან დაგვიანებით 
მოდიოდნენ სიტყვები ჩემამდე,-
მაკვირვებდნენ, მახარებდნენ, კიდეც მათბობდნენ
და მჯეროდა - ვიღაცას ვუყვარდი!..

ალბათ ძალიან მსურდა ჩემთვის მე ის სიტყვები;
ალბათ ძალიან მინდოდა, რომ გამხარებოდა
და ის სითბოც მჭირდებოდა, როგორც ჰაერი,
და ამ დიდი სურვილის ძალით
ვიზიდავდი მე იმ სიტყვებს,
იმ სიხარულს და იმ სითბოსაც.
ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
არც სახელი, არც მისამართი.

...და მე ვფიქრობ უნებლიე დანაშაულზე,
რომ ის სიტყვები,
იქნებ სულაც სხვისთვის იყო გამოგზავნილი? -
უსახელოდ, უმისამართოდ;
სხვისთვის იყო... მივიტაცე და მივითვისე,
და სხვას წავართვი ის სითბო და ის გაოცება...

უხერხულობას ვგრძნობ და თითქოს მრცხვენია კიდეც.
მრცხვენია, მაგრამ თავსაც ვიმართლებ:
რომ ის სიტყვები - უსახელო, უმისამართო -
ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მსურდა,
უფრო მეტად მე მჭირდებოდა...

ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მიყვარდი!..

??????