ნაცვლიშვლი პაატა
გაზიარება

მეორედ მოსვლა ექსკლიუზივი

დიდი, ცისფერი თევზი აწყდება აკვარიუმის დაორთქლილ კედლებს,
ის ცდილობს, მაგრამ თავის დაღწევას ამ კედლებიდან ვერასდროს შესძლებს.
ნიშში ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი და ჩვილი ქრისტე მარიამს ეკვრის,
მან ჯერ არ იცის, თუკი ამქვეყნად სადმე არსებობს გვირგვინი ეკლის!
ან თუ საერთოდ არსებობს რამე, დედის სითბოს და ალერსის გარდა,
ან თუ ოდესმე მოუწევს მისვლა სიკვდილ-სიცოცხლის გარდუვალ ზღვართან.
ბევრი უნდა ჰქმნას, ვითარცა ღმერთმა და უფრო მეტი, ვითარცა კაცმა,
მაგრამ არაფერს აპატიებენ _ ქრისტეს დასჯიან, მას ელის ჯვარცმა.
რაც წინასწარვე განსაზღვრულია, იმას ვერ შეცვლის ვერც ის და ვერც სხვა,
და მაცხოვარი აუქციონზე გაიყიდება ოცდაათ ვერცხლად!
საიდუმლოა სერობა ესე, მოციქულები გვერდიგვერდ სხედან,
იესო უკვე ზეცად მაღლდება და ძლივს მიათრევს საკუთარ ცხედარს.
და დასხდებიან ოთხთავის წერად იოან, მათე, მარკოზ და ლუკა:
ის არ მომკვდარა, მხოლოდ წავიდა და დაბრუნდება ოდესმე უკან!
აკვარიუმის კედლებს აწყდება თევზი დიდი და ცისფერი ერთობ. . .
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები მიწაზე, ღმერთო!
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, რადგან შეხვედრა იქნება მკაცრი,
თუ მაინც აღარ დაიშლი შენსას, დაბრუნდი, როგორც უბრალო კაცი!

??????