სულაკაური გიგი
გაზიარება

*** "რაც შემრჩა დღემდე" ექსკლიუზივი

...მოდის, მოცელავს... სხვა არაფერი...
ა. სულაკაური
რაც შემრჩა დღემდე
ისევ აქ არის:
ნაქარი თბილისი და ნაწვიმარი,
სხვა არაფერი...
მზე ისე ჩადის, თითქოს მზის ჩასვლაც
ვალად დამედო,
სხვა არაფერი...
მთვარე _ მამაა და ღამესა ვთხოვ,
რომ იქნებ მთვარემ გაისტუმროს ჩემი ვალი,
სხვა არაფერი...
ძველებურად მიდის ღრუბელიც,
მიჰყვება ჩრდილიც ბუნდოვანი,
სხვა არაფერი...
ცაც უფეროა და წყალნარევი,
სხვა არაფერი...
ბიჭების მერე აქ დარჩა სევდა, _
ტვინის არხების მხურვალე ელვა,
ლოგინის შიშის ვერგადალახვა,
სხვა არაფერი...
ეს მიწაც სამი მაიმუნია _
არც შეისმენს, არცა ხედავს, არც ლაპარაკობს,
სხვა არაფერი...
თვალები ჩემი იარაღია... ოდესღაც იყო...
ახლა უკვე გონებით ვხედავ:
მხოლოდ სიტყვა თუ გადარჩება
ანდა სიტყვის ნაფლეთები,
სხვა არაფერი...
და საბოლოოდ
ჩაქრება ცეცხლიც, ცეცხლის დამნთებიც,
სხვა არაფერი...

??????