ნატვრა ექსკლიუზივი
ღმერთო, მომკალი წვიმაში და ბავშვობაზე ფიქრებით,
ოღონ დახატე ის წვიმა ძველი, ფერადი ფანქრებით.
აგურგურებულ ბუხარზე ჯერ მიმიფიცხე ხელები,
მერე დამიცხვე ნაცარა კვერები, მთვარისხელები.
შებუდრებული ზღაპრებში, როგორც წიწილა ბუმბულში,
მომკალი კერიის პირას, ფანჩატურების ბუბუნში.
მომკალი პალიასტომზე, შავ ზღვაში, კაპარჭინაში,ზღვის პირას თვალებმციმციმა, თეთრი შუქურას ჭიატში.
მიგიზგიზებდა ოცნება, როგორც წალამი მაყალზე,
ღმერთო, მომკალი ნამივით ამძივებული მაყვალზე.
ის ჩემი ზავთი პირველი, ჩხუბი და გაამაყება,
იმდროინდელი უჟმური ნუთუ ბოლომდე გამყვება?
დაწყებულიყო სიცოცხლე სიბერით, ლაღად ივლიდა,
განა არ სჯობდა ბავშვივით მიახლოება სიკვდილთან?!