კერია ექსკლიუზივი
ჭინკების ერდო, ალების ბანი, ზღაპრების გუდა, ცეცხლი,
მოყურიადე, სულგანაბული, გვრიტებიანი ცაცხვი.
ბაბუს ჩიბუხი, ბებიას კალთა, ტახტზე ღაბუა კატა,
თავმიდებული დირეზე მურა, ღია სამზადის კართან.
როცა ზღაპარი ჩაინავლება, ძილისპირულში ერთხანს
რულმორეული რუს ვაყურადებ, _ ერუდუნება ვენახს.
მიუსხდებიან შემდეგ შუაცეცხლს საჩეჩელი და შულო,
_ ბებია, რატომ კრუტუნებს კატა? _ ზღაპარს გიყვება, შვილო...
ჩამეძინება ცეცხლის ღუღუნში, დამეფინება ლული,
უმალ სიზმრებად აბრიალდება გაღვივებული გული:
ეს რამოდენა დევებთან ვომობ, რა ცხრაკლიტულებს ვაღებ,
მივადგრიალებ რაშ-ბედაურებს, ჯავარდნიანებს, ლაღებს.
მეფის ასულებს, მზეთუნახავებს, ჰოი, რა გულით ვყვარობ,
რამდენჯერ ვსვამ და რამდენჯერ მომაქვს შინ უკვდავების წყარო.
სძინავს ბაბუას, სძინავს კერიას, ნაკვერჩხალიღა წვეთავს,
ჩასძინებია ჭერზე ობობას _ ზვიად ქონდაქარს მწერთა.
იძინებს ბებოც, იძინებს, მხოლოდ წაიბუტბუტებს წამით:
`მშვიდად დაღამდი, მშვიდად გათენდი,
ჯვარი გეწეროთ! ამინ!~