ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

ივერიული ექსკლიუზივი

ფოთელი ვარ და პოეზიის ლოთი-ფოთი ვარ,
ფეთქი ლექსების ალავერდით თქვენთან მოვდივარ;
ჭალიკონი ვარ, შავი ზღვიდან შემოვარდნილი,
ქართვლის დედისთვის თეთრ ზვირთების მომაქვს მანდილი;
ნარიყალისთვის თორი მომაქვს უშბის მყინვარის
და მომაცილებს ლეგიონი ფაზის-მდინარის;
ხარები მომყავს აიეტის, მზით დადაღული,
კოლხეთის ზეცა, ვარსკვლავებით გადანაღმული;
ეს ღრუბლები კი არის ღმერთის თეთრი დროშები,
მზის მარმაშებით, სირმებით და მთვარის ყოშებით;
თამარის სუნთქვა ვარძიიდან ნიავს მოჰყვება,
არაგვთან ვაჟა დამხვდება და მთისას მოჰყვება,
`ერეკლეს გვირგვინს დავეძებო!~ _ ეს აღმოხდება;
ჩუ! რა ხმა ისმის წიწამურთან?.. ვისი გმინია?..
ზართატეხაა, ცის სამრეკლოს დაუგრგვინია...
ეს ერის მამის სიკვდილია და გვირგვინია;
სვეტიცხოველში დავუჩოქებ მეფე-მგალობლებს,
კათალიკოსი სამებაში დამამწყალობნებს;
გუთნის ტოროლამ ცისკრის ვარსკვლავს გადაუფრინა
და დედამიწას ჟრუანტელმა ტანს დაურბინა;
ხორბლის ჯეჯილი _ ოდოშღერი განდაგანაობს,
დვრინავს მარანში დიონისე, დაბანდალაობს,
რა ძალაც ქართულ მზის და მთვარის ბორჯღალებშია _
რქაწითელშია, თავკვერშია, ოჯალეშშია:
ქვევრებში განა ღვინო გვიდუღს? _ სიყვარულია,
მარადიული ის სამყაროს სიხარულია;
`ლილეოს~ ლაღუმს `კრიმანჭულის~ ფითლას ვუკიდებ,
`ჩელას~ ქედანსაც ვაღუღუნებ ჯვარზე და კიდევ
მედეას თმებით სიმს რომ დავწნავ ჭუნირ-ჩონგურის,
ზედ გაებმება ციხე-კოშკთა ყველა ქონგური;
ალობს, გიზგიზებს მაშინ გული, აკიაფდება
და მზის ხოხობი ბერმუხაზე აკრიახდება:
`ჩემი და-ძმები გაფანტულნი ჰერეთ-ლაზეთით
არ დამიტოვო უკურთხებლად, ღმერთო, არც ერთი!~
დავითის გზიდან ჩემი ხალხი არ გაბრუნდება,
ჩემი რითმა სულ დელფინივით ადგაფუნდება;
ლიხის ჯიქი ვარ, ლექსის ჭექით მთიდან მოვდივარ,
იმერ-ამერის ცისარტყელა _ გულთა ბონდი ვარ, _
ზენაქართულით უფალს ცაზე დაუწერია:
`ჯვარით _ გვირგვინით გაბრწყინდება ხვალ ივერია!~

??????