ბედოშვილი ლია
გაზიარება

*** "მოგიკვდა დედა" ექსკლიუზივი

ჩემს დათუნას,
ჩემს ნაბოლარას.
მოგიკვდა დედა,
ვაჟი მამით არის ამაყი,
გაილანდება ჩუმი დარდი,
გარჩება სევდად...
ცხოვრებამ, შვილო,
გვარიანი სილა გამარტყა,
როცა მიხვდები
ქლესურ ღიმილს და
ქვეშ-ქვეშ ხედვას,
არ ჰკითხო მამას
სომხის ქალზე დაგვირისტებულს,
რად გვიღალატა,
რად გაგვყიდა ოცდაათ ვერცხლად.
არ ჰკითხო მამას,
რამდენი ღირს სვინდის-ნამუსი,
სისხლი ქართული
პოეტისგან ნაწური ლექსად,
მოგიკვდა დედა,
არ უხსენო იესო ღმერთად,
არაფერი სწამს,
ქვიშაზე ხნავს, ქვიშაზე თესავს...
არ უთხრა, არა,
დაგვარჩინა ქვეყნად
რა ძალამ,
რომ არ ეგების
უქონელთა ბედით ანცობა,
არ გამთქვა, შვილო,
როცა ბოდვა გახურავს ჩალად,
უკაცურ კაცთან
რა ძნელია დედაკაცობა...
მშიერ-მწყურვალი
გარჩენილი ცეცხლს და წყალს შუა,
სამს გზრდით იმედად,
რომ ქვეყანას სხივი
შევმატო,
წუთისოფელი არც ისეთი
ბრმაა და ყრუა,
ერთხელაც ალბათ ფქვილს
მოგვცემს და წაიღებს
ქატოს,
გიტოვებთ სახელს,
პოეტობა სახელი თუა,
ჟამი მოვა და შევეყრები
ჭეშმარიტ ბატონს!

??????