ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

ბებერ პოეტებს ექსკლიუზივი

ბებერ პოეტებს, ბებერ მგლებივით,
აღარ მიერჩით გული ტყისაკენ...
თვლემს გალიაში კუდშეკეცილი
და აშმორებულ სიფათს ისაწყლებს.
ბებერ პოეტებს, ბებერ მგლებივით,
ეშმაკის კერძი არის ორთავე _
აღარც ძაღლები ეღრინებიან,
არც პატრონები აღარ შოლტავენ.
ბებერ პოეტებს, ბებერ მგლებივით,
წყეულიმც იყოს ჩარჩი სიბერე!...
თან ბოლო ლუკმას გვაგლეჯს ყბებიდან,
თან მარჩენალის პოზას იფერებს.
ის დრო ჩათავდა, _ გისოსებს უკან
როცა მოსეულ ნახირს ართობდით...
ჩვენც, ვინც საკანში დავბადებულვართ
ჩვენი წინაპრის ბედოვლათობით,
გვძულს მორჩილება! თქვენი რაც არი!
მტრებმა რომ გულში შემოგიცოცეს...
თუ არ დამარხეს ძველი მარცვალი,
არ ეღირსება ახალს სიცოცხლე.
თუ ვოცნებობდით ცხადშიც და ძილშიც,
რომ თქვენს ნეკნებზე გადაგვერბინა, _
ნუ გაგაოცებთ, _ თქვენივე ჯიშის,
თქვენივე ფერის მგლის ლეკვები ვართ!
სისხლი საზღაურს ითხოვს და იხდის,
ბოლო ომს ვერვინ გაეძურწება,
ვერ დაგანებებთ ლაჩრულად სიკვდილს,
რომ არ დაგცინონ ქუჩის ძუკნებმა.
კმარა, ძაღლივით ჯაჭვით დაბმული
არ გამოდგება მგელი საჯიშედ,
სულერთი არის _ მდევრის ტყვია თუ
ოთხი კედელი მოგვისაკლისებს!
ბებერ პოეტებს, ბებერ მგლებივით,
უნდა ვუღრინოთ ისევ ლეკვებმა,
თორემ სიკვდილი ჩვენს ამაყ ჯილაგს
თავის ფარეხში მიერეკება.

??????