გაორება ექსკლიუზივი
ახლა სოფელში დიდი თოვლია,
წელს ნაადრევად ასე დათოვა...
(მტკვარში ჩაიხრჩო ფრთები თოლიამ,
ლურჯ მონასტერთან სცივა მათხოვარს).
ეზოში რბილად გამორბის ფური, _
მშიერი, _ დედის აწვალებს ჯიქანს...
(დევს მაგიდაზე ღვინო და პური
და მიკანკალებს ხელებში ჭიქა).
წამოყვინთულა ნალია გვერდზე,
ღადარი ბჟუტვას იწყებს კერასთან...
(ტრამვაი მისდევს ხრიგინით რელსებს,
ტრამვაი გამსრესს გაჩერებასთან).