ბერაძე ნუგზარ
გაზიარება

*** "შევარდენივით ლექსი მიყვარს ექსკლიუზივი

ლექსი ვაჟა-ფშაველას
შევარდენივით ლექსი მიყვარს,
ცერს რომ უბიძგებ
და მერე თვითონ უკეთ იცის,
როგორ ავარდეს.
ჯანი გავარდეს, აი დარდი,
ვინმე თუ მიწყენს,
ე, იმ დღეს მოვკვდე,
ჩემს ჭკვაზე რომ ვერ ვინავარდებ.
რა ვქნა, ჯიშში მაქვს ეგ სიფიცხე,
ნიჭი ზეფრენის,
გინდა მომკალი, ლექსს ვერ ვუთევ
ღამეს დილამდე,
მიყვარს, ქორივით გაქნეული
მზისკენ რეფრენი
ღია სარკმლიდან, ცაში ოდნავ
როგორც ინათებს!
მიმინოსავით ლექსს შევხარი,
მზეს რომ ჩამოხევს
და ხოხობივით მოაფეთებს
ცაზე ცხრათვალას.
ნანადირევი ხორცი უყვარს,
რა ვქნა ამ ოხერს,
ჯერ რიჟრაჟია და ეგ უკვე
სისხლით გამტყვრალა?!
ვერ ვეგუები ნაძალადევ,
ყურით სათრევ ლექსს,უნდა ამოსთქვა, თუ რამ გეთქმის,
გული ამოჰყვეს.
ცოდვაა კაცი, რომ ცოდვილობს,
ღამეს ათენებს
და სტრიქონი რომ ამოჰყმუის,
კი არ ამოჰყეფს.
შევარდენივით ლექსი მიყვარს,
ცერს რომ უბიძგებ
და მერე თვითონ უკეთ იცის,
როგორ ავარდეს.
ჯანი გავარდეს, აი დარდი,
ვინმე თუ მიწყენს,
ე, იმ დღეს მოვკვდე,
ჩემს ჭკვაზე რომ ვერ ვინავარდებ!

??????