80 წლის ქალწულის სიმართლე ექსკლიუზივი
ღმერთო, ხომ იცი, ოთხმოცი წელი,
ერთგულად ვიყავ შენი მსახური.
კითხვა რად გინდა, ცხოვრება ძველი
არის მხოლოდღა ამის დასტური.
მაგრამ დღეს გეტყვი, დღეს _ როცა უკვე
ვნახე გათხრილი ჩემი სამარე,
საკმეველს თურმე მონობას უკმევ,
თუკი ვერ შეკრავ ცაში კამარებს.
იქნებ გგონია, არ მინატრია,
ვიღაცის მკლავზე ძილი შიშველი,
თუნდაც მომაცვა გიჟის მანტია,
ორივემ ვიცით, ვეღარ მიშველი.
ვიღაცის თვალში საწყალს და ტანჯულს,
არ შემიბღალავს ოჯახი წმინდა
და ამიტომაც ალერსის ნატრულს,
სხვისი ოცნების დანგრევა მინდა.
არ დაიჯერო ბილწი სიმორცხვე,
ფიქრებში საწოლს ვუყოფდი ყველას,
ჩემში ავხორცი იღებს მილოცვებს
და არავისგან არ ვითხოვ შველას.
ახლაღა გეტყვი, ახლა როდესაც,
ვნახე სამარე, წლების გათხრილი,
ვაფურთხებ ცრემლებს, მორალს, კოდექსსაც,
მე, ოიდიპოს თვალებდათხრილი.
დღეს ამიჯანყდა ჩემი სხეული,
სიზმრებში ასე ნათრევ-ნაჯიჯგნი,
ჯინივით ბოთლში გამოწყვდეული,
სული უბიწო _ მაინც მახინჯი.
გთხოვ მაპატიო, ოთხმოცი წელი,
რომ არ ვეჯექი მინავლულ კოცონს,
კვლავ მელანდება თვალები მწველი,
რომლებიც უნდა სიზმარში ვკოცნო.