თექთუმანიძე მარინა
გაზიარება

"ეთი ოსური" ექსკლიუზივი

იქვე ვთამაშობ...
დედა და ბებია შეთქმულებივით ჩურჩულებენ...
შიგადაშიგ თვალს შემავლებენ...
შიშობენ, ყური არ მოვკრა...
`ეთი ოსური~ მაინც მესმის,
ვიცი, ვისაც გულისხმობენ...
`ეთი ოსური~ ლამაზი ქალია,
ყელმოღერებული დადის ჩვენს ქუჩაზე...
`ეთი ოსური~ მამაჩემის თანაკლასელია...
`ეთი ოსური~ დედას ეჯავრება, იმიტომ რომ მამას უყვარს,
`ეთი ოსური~ მეც მეჯავრება, იმიტომ, რომ დედას ეჯავრება.
`ეთი ოსური~ ჩემს დასაც ეჯავრება, ჩემს ბებიასაც...
მხოლოდ მამას უყვარს `ეთი ოსური~...
მამას ერთი ფოტოსურათი ჩუმად აქვს შენახული.
იმ სურათს, დღეს, მე ვინახავ.
მამა და `ეთი ოსური~ პატარები არიან ამ სურათზე...
მათ ერთმანეთი ამ სურათში უკვე უყვართ...
დედა და ბებია გვიმალავენ, მაგრამ
მე და ჩემმა დამ ვიცით,
ამ ქალს უბედურება მოაქვს ჩვენთვის...
ჩვენ გავიზარდეთ...
დედა მამას ატყუებს:
_ იცი? ის ქალი მოკვდა!
მამის ცრემლები დღესაც გულს მიკუმშავს...
_ იცი? ის კაცი მოკვდა, _
სიმართლეს ეუბნებიან `ეთი ოსურს~...
იმ ქალის ქვითინი დღემდე მატირებს...
აღარც დედაა....
აღარც მამა...
აღარც სიძულვილი...
აღარც ეჭვიანობა...დღესაც დადის ჩვენს ქუჩაზე ლამაზი ქალი...
აღარ მძულს,
მიყვარს...
მამა უყვარდა,
მამას _ უყვარდა...
მამას ვინც უყვარდა, ის მეც მიყვარს...
ეს სიყვარული,
მაპატიე,
დედა!!!
`ეთი ოსური~ _ ის ქალი (მეგრულად)

??????