ბუაჩიძე ანდრო
გაზიარება

ქელეხი ექსკლიუზივი

ქვეყნიერება ამგვარად იქმნა,
ამგვარად იქნა ქვეყნად საქნელი,
თოკზე ტარიგი გაჰკიდეს ციკნად
გასატყავები და ასაქნელი.
მერე დანები ირიბად ლესეს
და მთვარეც ცაზე იყო წახრილი,
და ანათებდა სისხლიან მესერს,
საცა ციკანი დაკლეს ძაღლივით.
მთვარეც ძაღლივით ყნოსავდა ჰაერს
და სისხლის სუნით გამძღარი ჰავა,
ხევების გასწვრივ ეძახდა კაენს
და აქეზებდა მავანს და მავანს.
მერე მოგროვდნენ კაცნი ქვეყნისა,
მთვარის ქვეშ დადგეს ვეება ტაბლა,
მთვარე კი ტაბლას გადაეგლისა
და დაიღვარა ტაბლაზე დაბლა.
გაგლიჯეს ხორცი დიდი მუშტებით
და დაილეწა ბნელში ღაწვები,
ისხდნენ და ასე სახეკუშტები
ნამუსრევს მთვარის სისხლში აწებდნენ.
მერე უეცრად ატყდა ღვინისსმა,
ღვინო კი იყო ბევრი წარღვნამდი,
მთვარე გათელეს, როგორც თილისმა
ათასი წლის წინ მკვდარი წარმართის,
მთვრალები ჰგავდნენ მერე შეშლილებს,
ხელებით მთვარის ნათელს სინჯავდნენ,
მერე წყვდიადის ხახას ეშვილნენ
და გარდაცვლილთა ხვედრი იჯავრეს.

??????