შამანაძე შადიმან
გაზიარება

რავა ხარ, იუზგარ... ექსკლიუზივი

სუფრასთან მძიმედ სხედან კაცები,
დოქიდან სევდის ამოდის ჯინი.
სვამენ კაცობის არდამარცხების
მთვრალი მამრების ველური ჟინით.
სვამენ სამსალას მძიმე ცხოვრების,
დიდი ჭიქებით, მღვრიე გულებით,
და გადაეშვა თრობის მორევში
შიშველი შიში დაძაბუნების.
რქამოტეხილი ხარების მსგავსად
გამოცოხნიან ნაოფლარ დღეებს.
ვიღაცამ კოჭი ალჩუზე დასვა,
ვიღაც ლოთობას გადაჰყვა მერე.
ბუხარში ნედლი შიშინებს კუნძი,
მასპინძლის გოგო უნიჭოდ უკრავს.
ნასახლიკაცარს სიტყვა აქვს ძუნწი,
ჩაძირულ ხომალდს წააგავს სუფრა.
და აღარ უნდათ სიმართლე ცოლებს,
გულგამოხრული კაცების ცქერა.
და ნებდებიან სიმთვრალის მორევს
მღვრიე კაცები და გულში სჯერათ,
რომ არ გამტყდარან ბოლომდე მაინც,
ნაპირებს ისევ აითრევს ღუზა.
მოვა სიფხიზლე ხვალ, ზეგ ან გაისს
და გეტყვის ვიღაც, _ რავა ხარ, იუზგარ...

??????