გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

როგორც იცვლება მთვარე მარადჟამს ექსკლიუზივი

წყვილი ჭიქა და
წყვილი თეფში და
სუყველაფერი ასე _ ორ-ორი;
გაიშლებოდა მტკაველა სუფრა,
ჩამოჯდებოდა ორი ოლოლი...
............................................
ერთიმეორის მარტოსულობას
კენკავდნენ მფრთხალად,
ბინდში სამხრობის,
და ისხდნენ ასე _ გაღმა-გამოღმა,
თავთავიანთი მიუსაფრობით.
გადასძახოდნენ ერთმანეთს ისე
უხმოდ ნატირლებს უხმო ბაგიდან,
თითქოს წინ ვრცელი სათიბი ედოთ,
ერთი მტკაველი სუფრის მაგივრად.
..............................................
მერე აუქშევს ვიღაცა მაღლით...
ჯადოახსნილი და ნათელქმნილი:
კვლავ მოიქცევა სათიბი სუფრად,
ჩამობრწყინდება სუფრასთან წყვილი...
.......................................
მაგრამ ქცეოდათ ობლობა ჩვევად,
ობლობას შერჩნენ ერთგულ შვილებად,
და დედის ზნეზე მიხორცებული
ფრთების ბოლომდე ამოშხივლება
ეუცხოვებათ...
ღელავს სათიბი...
გაღმა-გამოღმით ჩადგამენ კარავს:
თან _ მარტოობის კარგი შვილები,
თან _ ერთმანეთის მპოვნელნი მარად.
... ოლოლის ცრემლი ეცემა ტილოს,
აშორიშორებს ჭურჭელს ოლოლი:
თითო _ ოლოლს, და
თითო _ კარადას;
რა საჭიროა უკვე ორ-ორი.
ერთი ჭიქა და
ერთი თეფში და
სუყველაფერი, ასევე, კენტად _
საკმარისია...
კანკალებს ხელი
და შემძიმებულ კარადას კეტავს.
........................................
გამოიცვლება ის სველი მთვარეც,
როგორ იცვლება მთვარე მარადჟამს;
ხელი _ მშვიდი და მონაფერები,
ისევ გააღებს მძიმე კარადას...
წყვილი ჭიქა და
წყვილი თეფში და
სუყველაფერი ისევ _ ორ-ორი;
და ობლობიდან საერთმანეთოდ
გამოპარული ორი ოლოლი.

??????