ცხვედიაშვილი მარინე
გაზიარება

სააღსარებოდ ექსკლიუზივი

ეს გაყუჩება, არამუდმივი,
გარდაიქცევა ვიცი გრიგალად,
საკუთარ სულში დავალ ქურდივით
და სახვალიოდ იმედს ვიპარავ.
ვიღაც ჩამძახის _ `შეიბ მახვილი!"
ან გადაიქეც ფრთოსან ვაზნებად,
თორემ ეს წლები, როგორც ნახირი,
შარაზე ისე ჩაიზლაზნება.
მათ არ გაჰყვებათ ლორთქო ბალახის
ქალწულებრივი თრთოლვა და ეშხი,
ვიღაც ბერდენის ტყვიას დაგახლის
და ვიღაც კიდევ ღალატით შეგშლის.
გესლით აგივსებს დღეებს ხვავრიელს,
ამოგიჩემებს ბედი ჯიუტად,
ბოლოს და ბოლოს, გეყო, სალიერ!
ბოლოს და ბოლოს, შესდექ, იუდავ!
დაკემსილი მაქვს კალთა ვნებებით
და ნემსის წვერზე ფხიზლობს იაგო,
არა, სატანავ, არ დაგნებდები,
სანამ სიმართლის სხივი კიაფობს.
ერთხელ მოვსულვარ, ჰოდა, მაცალე,
გამაგებინე ცხოვრების ფასი,
ან ქაჯეთიდან სატრფოს წამგვარე,
ან ამირანის ქვრივ-ოხრად დამსვი.
თუნდ კავკასიის ქედზე მიმაბი,
თუნდაც მომკალი, ოღონდ კაცურად,
არ გამაკარო ფლიდის ნიღაბი,
არ მომაქციო რეგვნის სარჩულად.
მეც ჩემი წილი გამალეწინე,
არა, არ მინდა მეტი, ღმერთმანი,
მერე სისრულის პირზე მეწვიე
და გამაქროლე თეთრი მერანით.

??????