ანდერძი ექსკლიუზივი
მე ყოველდღე გადა და გადმოვდივარ დარდის ხიდს,
დამისხით და სიმთვრალე ჩემი ნუ შეგზარავთ,
ღმერთო, ვის დააკისრებ, ანდა ვინ გადაიხდის
ჩემი მოსვლით ამ ქვეყნად გამოწვეულ ზარალს!
დროა, უნდა ავკეცო ამ სოფლიდან კარავი,
მე მგონი, რომ არავინ იტყვის ჩემზე აუგს
და თუ ვინმეს წამოსცდა, რა მქავს დასაკარგავი,
ჰო, ვლოთობდი, რა მოხდა, დიდი რამე, აუჰ!
წავალ მე ამ ქვეყნიდან, ვიცი, არაფხიზელი
და მიზერი ხელფასი დააკლდება ოჯახს,
შვილო, დამიპატიჟე ეს მსმელიც და ის მსმელიც,
თუ არავინ გამოგრჩა, ჩათვალე რომ ყოჩაღ!
კარნავალი შეწყდება, რა თქმა უნდა, დროებით
და ტოროლა გალობით მზეს ამოსვლას ურჩევს,
ხოლო ღამენათევი ცხელი ქუთუთოები
ჩააწყობენ წამწამებს ცრემლში, როგორც ფუნჯებს.
დაე, იყოს საფლავი პატარა და უბრალო,
ღმერთს შესთხოვე, უფალო, მიუტევე ცოდვილს,
და მერე რომ სამარე არ დაკარგო უკვალოდ,
სადღაც, იქვე ეგდება უწარწერო ლოდი.
მომიხოხე თავთან და ჩათვალე რომ გათავდა,
მოხდილი გაქვს ვალი და ნუ წაგყვება ჯავრი,
ახლო-მახლო ასკილის ეკლიან ბუჩქას დალანდავ
და იმის ტოტისგან გამიკეთე ჯვარი.
სადმე საჭაშნიკოში თითო ჭიქაც ასწიე
და პაწია წინწკალი დააწვეთე პურზე,
თავი მაღლა ასწიე, სალოცავად გასწიე
და გახსოვდეს, სამყაროს ჩემი თვალით უმზერ.
რა გზა გამომივლია, გითხრან ჩემმა ლექსებმა
და სიკეთის ფესვებმა ტაძრად მიგაცილონ,
მაპატიე და გული სევდით ნუ აგევსება,
თუ კი ვერ დაგიტოვე სანთლის ფული, შვილო!