მახარობლიძე გიორგი
გაზიარება

*** "განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები?" ექსკლიუზივი

განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები?
გულები მკერდში გვექცნენ ჭურვებად,
წვიმებს რად უნდათ მისამართები?
მიდიან, სადაც მოესურვებათ.
ჩვენ ვეჭვიანობთ, მერე ვფეთქდებით,
სადა ხართ ნეტავ დამალულები?
ავგიზგიზდებით და საფეთქლებით
თბებიან თოფის ცივი ლულები.
ვფიქრობდით: ცხელ ტვინს ტყვია ჩახრახნის,
მაგრამ სიცოცხლე გადაგვრჩენია,
არ დაშვებულა რადგან ჩახმახი,
თან გვიხარია და თან გვრცხვენია.
წვიმებს რად უნდათ მისამართები?
დე, როგორც უნდათ ისე იარონ,
ნაცნობ სარდაფში ისევ დავთვრებით,
რომ ღვინოს სევდა გავუზიაროთ.
მე მოგინატრე და შენ აქა ხარ,
თან გეფერები და თან გემდური,
ჩემი ცხოვრების თეთრი ლაქა ხარ,
ვარ ბედნიერიც და უბედურიც.

??????