მახარობლიძე გიორგი
გაზიარება

*** "განა არ მჯერა იქაც ბინდია" ექსკლიუზივი

განა არ მჯერა იქაც ბინდია,
სული ფათურობს წყვდიად ღამეში.
ვიცი და მაინც გტოვებთ, მივდივარ,
ამ არაფრიდან იმ არაფერში.
არც ცა მეგულვის იქით სხვაფერი,
არც უკეთესის რწმენა მაომებს.
მე მახსოვს, გუშინ კარგად დავთვერი
და ვაგინებდი არარაობებს.
საყვედურებით კვლავაც ამიკლეს,
რომ მცდარი არის ჩემი ნაბიჯი,
ვიცი, მივდივარ მე არსაითკენ
და ხოხვით მიმაქვს სული ნაჯიჯგნი.
არ ვარ ჯიუტი და არც ავყია,
არც იქით წასვლას ვინმე მაქეზებს,
თვითონაც კარგად ვიცი რა ყრია,
ამ სანაგვეში, იმ სანაგვეზეც.
თქვენთან სადამდე უნდა ვდაობდე?
მე ჩემი ბედი ჩემს თავს მივანდე,
ვმოძრაობ, რადგან არ დავჭაობდე,
ვფართხალებ, რომ არ დავხავსიანდე.
ცხრა მთას იქითაც, ვიცი, ბინდია,
სამოთხე მხოლოდ გვხვდება ზღაპრებში,
ვიცი, და მაინც ხოხვით მივდივარ
ამ არაფრიდან _ იმ არაფერში.

??????