სადაა ვინც გიყვარდა... ექსკლიუზივი
ბაღში ქარი აზავთდა, ქარი ქართ-უქარესი,
ბობოქარი სისინით და ხმებით მუქარისა,
გაიტაცა ფიცი და გაიტაცა ალერსი,
ფიქრიც, ჩემთა ყოველთა ფიქრთა უწინარესი,
ისიც, რაიც სიცოცხლის ფასად არ დამითმია,
რაც კი სულმა იწამა, რაც კი სულმა ითნია,
გაიტაცეს, დანდობა ვის უნახავს გრიგალთა,
სისინებენ, სადაა, სადაა, ვინც გიყვარდა,
ვისად მაჟღერებელი ხარ მაგ შენი ქნარისა,
ამაო მომლოდინევ გამოგონილ ქმარისა,
ნუ მაშინებთ, ქარებო, ხმით ყალბით და მქისეთი,
მოვა, მოვა ის ერთი ღამით მომაისეთი
და თუ არა, სიკვდილთან დღესვე ვიყოფ სარეცელს,
სიკვდილია სიცოცხლე _ სიყვარულის გარეშე.