ხარანაული გოჩა
გაზიარება

ზღაპარი ექსკლიუზივი

იყო და არა იყო რა, ნათლია მყავდა ნიკორა...
იყო ქალი და ქალობა, ბალღი ქართულად გალობდა!
ახლა მიწა მაქვს ბერწი და ზეცის მაქვს უმოწყალობა!
იყო კაცი და კაცობა, ახლა მაქვს კაცის დაცობა,
იყო თავთუხის ჯეჯილი, ახლა ვარ გულგაგლეჯილი!
იყო ყანა და ყანობა, ახლა მაქვს უქვეყანობა!
იყო ჭური და მარანი, იყო და ახლა არ არი!
იყო ბაღი და ედემი, ახლა ნაყორნალს ვედები,
წარტყვევნეს ჩემი ქედები, ოსმალთ მიჰგვარეს დედები!@
მინდვრად გადახნეს ვენახი, კახეთს ვეძებე, ვერ ვნახე,
ბინძური ხელი შემახეს, შემამღვრიეს და შემლახეს!
ენა მომგლიჯეს წვალებით, მტრისთვის სიმართლის მიმრქმელი,
კოლხეთს დაშრიტეს თვალები, ქართლს ამოაჭრეს თირკმელი!
ჭირი და ქატო აქ მომცეს, ფქვილი და ლხინი იქ _ ათეს,
ნამუსის ქუდი მომხადეს _ უქუდო თავში მითაქეს!
ფესვი გაუხმეს ხეს ხეთი, არ მალოცვინეს მესხეთი!
თბილისს ხელები ავაღე, როგორც მტერს, არა მოკეთეს,
ჩავებღაუჭე ჯავახეთს _ ორივე ხელი მომკვეთეს!
მომიქნიეს და ჩამაფლეს, ბილწი მომკერძეს დროება,
ზეცაში რაღა ამაფრენს _ ფრთებს მამტვრევს უტაძროება!
მწყემსმა მონათლა ეშმაკი ხმაში შესაფერ მღერებით,
მას შემდეგ დედა გვეკვლება ეშმაკის ნაშიერებით!
დედა მყავდა და მიყვარდა... დედას წააკლეს ნიკორა,
ნიკორა წყალზე მიმყავდა! იყო და არა იყო რა!!!

??????