წულუკიძე სულხან
გაზიარება

პოეზია - კი...  

გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...

ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...

ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...

და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...

??????