ლაბორატორიაში დაკლულ ბაყაყს ექსკლიუზივი
(ლექსი დაწერილია საყოველთაო უძრაობის პერიოდში;
ბერნსის ლექსების გავლენით)
ბედის სამსალავ, მწარე ნუგბარო,
სად ჩაგივლია ოდეს უკვალოდ.
ვართმევთ სიცოცხლეს, მჭლეს და უგვანოს,
საბრალო ბაყაყს...
და თუ ვერ ვიგებთ ომებს უგვამოდ,
ვცოდვილობთ რაღას?!
ჰა, მიგალურსმეთ სასომიხდილი,
შენ ახლა, ალბათ, იმ დროს მისტირი,
როცა გაგქონდა ტბაში ყიყინი
ჭაობის მკვიდრო,
მომქანცველია ნელი სიკვდილი,
წაიღებს დიდ დროს.
მაგრამ არ ძალგვიძს გამოსარჩლება,
ბასრი ლანცეტით გაქცევთ ნაჭრებად,
იარაღი ხომ შექმნეს ლაჩრებმა,
(ფიქრმა წამიღო)
შენს სიკვდილამდე მალე დარჩება
ერთი წამიღა.
ვაგლახ, გამტანჯა მწველმა ფიქრებმა,
გარეთ ცოლ-შვილი გრჩება იქნება...
ვცოდავთ, გისერავთ გულს და შიგნეულს,
ვინ იტყვის მიზეზს,
ვიკვლევთ აქამდე ასჯერ მიგნებულს
ისევ და ისევ.
შენმა ვარამმა შხამით დამათრო,
დაძენძილ ჩვრებში გახვევთ სამადლოდ,
ნაღდ ტყავს კი გაძრობთ, (ფუი, სამართალს!)
როგორც სამოსელს.უკვე ჩამოჰკრა მწუხრის საათმა
სასაფლაოზე.
რისხვის და სისხლის იანიჩრები,
ეგებ არც ისე ფუჭად ვირჯებით,
ჩათავდებიან სუფრის მიჯნები,
კვლავ უსასმისოდ;
ჩვენ ვტოვებთ ოთახს, შენ კი იქ რჩები
სამარადისოდ.
აღარ გაბრუებს დაცლილი ვნება,
უკან დატოვე სავალი გზები,
ბედნიერი ხარ, მაგრამ ვერ ხვდები,
ბედი ვის ინდობს?!
მეცნიერების სახელით კვდები
ჭაობის მკვიდრო.
ჩვენ კი, გახრწნილი ყოფის შვილები,
დაბადებამდე გარდაცვლილები,
სულეთისაკენ სწრაფვა-ძიებით
ვგეშავთ ქარავანს,
თუმც სიცოცხლეში რას ვეწირებით
აზრზე არა ვართ...
გასრულდა ლექსი ხოტბა-ქებათა,
თოვლს და ქარს რჩება, თუ რამ გებადა.
შფოთს მიაქვს ზაფრა. წყეულ სვე-ბედთან
რაღა ვიდავო?!
შენთვის ჭაობი იყო მეფეთა
საკარმიდამო.
ვინც სასიკვდილო შარში გაგხვია,
თავიანთ დროშებს დაბლა დახრიან.
ყოფა ყველა ბეცს და თვითმარქვიას
სურს დაამყაყოს;
მათი მსაჯული თავად ხალხია
ჩემო ბაყაყო.