C.V. ექსკლიუზივი
მე დავიბადე, ვაგრძელებ სუნთქვას...
და გადახლართულ ლაბირინთებში
ვუსმენ და ვიცი ფოთოლს რაც უთქვამს;
და თუ მომთხოვენ, გავირინდები.
მე გავიზარდე, ვაგრძელებ სირბილს...
და ხელებს ვიწვდენ მზისკენ და ცისკენ.
ვხედავ, მომწყდარი ვარსკვლავი მიჰქრის;
და როცა მთხოვენ, ჩუმად ვარ ისევ.
მე ჩემს წლებს ვუსწრებ, ვჩერდები უცებ...
ვგრძნობ, მაჩუმებენ სულ, გამუდმებით.
როცა ფოთოლი ვარსკვლავებს უცქერს,
ნუღარ მომთხოვენ, ვერ გავჩუმდები.