გოგრიჭიანი ჯუბა(ღებელი)
გაზიარება

სიკვდილს ექსკლიუზივი

მე რომ წყურვილს ვიკლავ პეშვით,
მზე რომ ნამავს ღიღილოს,
აი, ამ სიცოცხლის ეშხი,
განგიცდია, სიკვდილო?
სხვისი ტრფობით მოკვდეს გული,
სულში ლექსმა იკივლოს,
ამნაირი სიყვარული,
განგიცდია, სიკვდილო?
ქარიშხალი მოვარდება,
უგზოდ და უბილიკოდ,
ერთი წამის მონატრება,
განგიცდია, სიკვდილო?
ჩემთან ღმერთი მოდის ხოლმე,
თუმცა ეშმა ქირქილებს,
თვით გარდაცვლის სიახლოვე,
განგიცდია, სიკვდილო?
იდო ლოდი ოლე ხესთან,
ქვა სიყვარულს ცდილიყო,
მარტოსული კაცის სევდა,
განგიცდია, სიკვდილო?
ახლო-მახლო სახლებია,
შიგ შესვლა არც იფიქრო,
იმ სახლებში არ გელიან,
არ შეხვიდე, სიკვდილო!
ზეთისხილის ბაღებიდან,
ანგელოზი კისკისებს,
რომ სიკვდილით მაღლდებიან,
შენ თუ იცი, სიკვდილო?
რომ მიწაზე გაჩენილთა
საუფლოა იქითო,
რომ უყვართ და არ კვდებიან,
შენ თუ იცი, სიკვდილო?
ამ ცხოვრებას კუდში ვსდევდი,
არ მცნო და არ მიმიღო,
რაა კაცის ავი ბედი,
შენ რა იცი, სიკვდილო!
გავიარე ცუდიც, კარგიც,
ბევრი იწილ-ბიწილო,
რაა კაცის ჩუმი დარდი,
თუ გიგრძვნია, სიკვდილო?
სად მცალია,
(წუთებს ვზომავ)
თავი გამოვიტირო!
მოვესწრები შენთან მოსვლას,
დამაცადე, სიკვდილო!
ავს ნუ მეტყვი, თუკი მაინც,
მართლა უნდა მიშვილო,
სანამ მოხვალ, ცოტა კრძალვით
გამაფრთხილე, სიკვდილო!
თეატრია ეს ცხოვრება,
ცრემლს ვღვრით, მერე ვქილიკობთ,
არაფერიც არ მოხდება,
წამიყვანე, სიკვდილო!

??????