ტყეშელაშვილი სოფიკო
გაზიარება

*** "ახლა სურვილი ისე შეშინდა" ექსკლიუზივი

`არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული,
ვიდრემდის თავად არ ინებოს!~
ქებათა-ქება სოლომონისა
ახლა სურვილი ისე შეშინდა, ღამის სიზმრებში მთვარით ჩანიშნეს,
წითელ ბილიკებს აქერცლავს ჟამი, ვინ გამოიხმობს ზღვიდან ქარიშხლებს?
იქ, სადაც წუთი წუთზე იქუხებს, რა ძალის ძალით აამინდებენ,
წამოხვეტავენ ხვალ ბიის ფურცლებს და ჭურის თავებს განარიდებენ.
შენ ისე მცდიდი ყოველ ნაბიჯზე, როგორც ვერცხლსა და ოქროს კიდონტი,
მე არაფერი მაქვს დასამალი, დრო იყო, მართლა გულით მინდოდი.
გულით მინდოდი, სანამ მეგონა, მზე შემოდგამდა ბანზე იმ აკვნებს,
ქალაქს კი თავში ქონი ჩააწვა და წვრილ ფეხებზე ტანს ძლივს იმაგრებს.
ახლა სურვილი ისე შეშინდა, სიყვარულს მართლა უნდა ეძინოს,
ო, როგორ მინდა, დაწვეს დუმილი, დაწვეს დუმილი და შეეძინო.
ქუჩაში ძაღლი მიჰყავს მათხოვარს, ჩამოძენძია კალთები ფრენჩის
შენ არ იფიქრო, სხვა ბუდეს ვეძებ, ან სხვის ბაგესთან ჯვარობას შევრჩი.
ახლა სურვილი ისე შეშინდა, სიყვარულს მართლა უნდა ეძინოს.

??????