დიდ ქალბატონს N-ს ექსკლიუზივი
ძველი კარები უკვე გალაქეს,
თქვენც ნაოჭებთან გაგაშველებენ
და დაისიზმრეთ წუხელ ქალაქი,
რომელსაც აღარ ააშენებენ.
ვიცით, უფალი რატომაც გვბადებს,
სიცოცხლე ბევრის მაინც ხათრია,
ჩააშიშვლებენ ქარები ვარდებს
და მთვარისკენაც მზერას ათლიან.
მთა ჩამოაყრდნობს სოფლის მხარს ღაბაბს,
ვერ იტანს კიბე წლების ბოდიალს,
თავს ჩამოიხრჩობს ამაღამ კაბა,
რომ აღარ შეხვდეს სხეულს ობიანს.