შვილს ექსკლიუზივი
გათელილი, მთვარისფერი ნაბადი,
ჩაშლილი და უსახური რიყე,
მზად ვიყავი, შენთვის ფეხსაც დავბანდი
მას, ვინც ჩემთვის მტერზე მეტი იყო.
გიყურებდი, ჰოდა, ისე ვუძლებდი,
მე ღრუბელი, ის _ ეშმაკის კერძი,
რადგან შენთვის სისხლია და ფუძეა,
შენ ვარსკვლავებს მის მხრებს იქით ეძებ.
ძუნწი წვიმა. მწიფე ანწლის ნაყენი.
მაგიდაზე ვარდისფერი რკალი,
მე რამდენჯერ სიკვდილს იქით გავყევი,
მან კი, ყველგან მომიხურა კარი.
სხვა რა გითხრა! ყველა გზასთან ვიომე,
ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვებრძვი,
არ ყოფილა არაფერი იოლი
და მით უფრო _ ვარსკვლავების ძებნა...