* * * გაქრა ოთხმოცი წელიწადი
დადნა წამებად,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება!
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა -
თვალის ერთი დახამხამება.
სიკვდილის ლანდი ძუ მგელივით
მომდევს ძუნძულით,
სად გავექცევი, წლების ტვირთით
მხრებდახუნძლული,
სულ მალე ფეხის დასადგმელიც
აღარ დამრჩება,
არყოფნის ზღვაში იძირება
ჩემი კუნძულიც.
რომ მკითხონ: გრძელ გზას
დაიწყებდი ისევ თავიდან?
ღმერთმა მაშოროს,
გადმოვუხტე ქარონს ნავიდან!
მე ჩემს წილ ტკივილს, ჩემს წილ წყენას
არვის უსურვებ,
რაც ჯავრი მქონდა,
სამარეშიც ჯავრად ჩავიტან.
დამძიმდა ტვირთი,
წლების ზიდვა გახდა წამება,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება,
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა -
თვალის ერთი დახამხამება!