გლობალური დათბობის შედეგები
ისინი კი ადგნენ, წავიდნენ,
მერე რა, თუკი
ჩვენი მყუდრო საწოლის ნაცვლად
ჯოჯოები და ბაყაყები უდუღთ ჭაობებს
ჭურჭლის ძვირფასი მინანქარი -
შენი სახის ფაქიზი წყობა
ამ უცნაური ნესტისაგან
სულ მთლად დაობდა,
მერე რა,
თუკი მწვერვალებიც მთლიანად დადნა
ძვირფასო,
რა გვეჯომოლუნგმება,
ან რა თუ ისევ უღმერთოდ გშია-
გამხმარ ხახაში არ გადადგის ხმელი საგზალი -
ტორფიანი მიწის ლუკმები,
ხანგრძლივი კოცნით შევაერთოთ ჩვენი ენები -
საერთო ენა გამოვნახოთ
იქნებ როგორმე,
და ყველა დროდან მხოლოდ ერთი -
ეს დრო დავტოვოთ -
წამი - ქვას ფეხი წაჰკარი და
ჩემთან მოგორდა,
დავრჩეთ, მერე რა,
თუ ნაპირი წაშალა წყალმა,
ჩვენ მოვიგონებთ ყველგანმავალ ახალ ხომალდებს,
იქ კოალები ევკალიპტის ფოთლებს ღეჭავენ
აქ შევამოწმოთ -
ჩვენი წერო კვერცხებს ხომ არ დებს,
მოდი რა, დავრჩეთ,
მერე რა, რომ სამოსი არ გვაქვს,
რაც დაგვრჩა - ისიც დაძონძილი,
გამოხეული,
გადავივიწყოთ ერთმანეთი -
შენ მე
და
მე შენ
სამაგიეროდ შეგვმოსავენ ნათლის სხეულით,
მერე მე,
ფრთხილი შეხებით და ხელის ცეცებით
(მანამდე ფეხებს დავიბან და ცეცხლში გავიშრობ)
ვიწრო ნაპრალში შემოვძვრები -
ცოტა გეტკინოს
ფორტეპიანოს დავუბრუნებ ნაკლულ კლავიშებს,
მერე მოიწყენ,
ადგება და სველ თიხად დაგშლის,
და თიხის სველი ნამცხვარი ხარ
იმის სუფრაზე,
როდესაც შეგჭამს,
დააყოლებს მარტორქის ცხელ რძეს
დაყრილ ნამცეცებს
ენით კარგად მოასუფთავებს.
ბარაქიანად დანაყრდება და მერე იტყვის:
"გაქრნენ მხეცები და ყოველი პირუტყვი ქვეყნისა გვარისაებრ
და ყოველი ფრთოსანი ფრინველი
და ქვეწარმავალნი ქვეყნისა მათი გვარისაებრ
და ორი დიდი მნათობი დღისა და ღამის გასანათებლად
- მზე და მთვარე და ვარსკვლავები
და მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი
და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღებელი
და წყალი ცის ქვეშ ერთ საკრებელში
და ხმელეთი
და ცა და მიწა
და ღამე და დღე
და ნათელი . . ."
შუქს რომ ჩააქრობს,
წამოწვება რკინის საწოლზე,
ააფუმფულებს ფერად ბალიშს -
თავქვეშ დაიდებს,
და დაიძინებს
დაქანცული ბავშვივით ტკბილად
რომ ხვალ დილიდან
წამოდგეს და შექმნას თავიდან.
ავდგეთ და დავრჩეთ
ისინი კი ადგნენ, წავიდნენ.