აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

* * * ქვებს მიათრევდა უღლეული მძიმე უღლებად 

ქვებს მიათრევდა უღლეული მძიმე უღლებად,
ყელი ჩაუტკბო კურტიზანებს ტკბილმა ჩაროზმა,
ბნელს ჩაეკიდა ჩანგოსანი, ეშმა ჩალოშნა
და იქვე ღმერთთან მოისურვა გასაუბრება.

ბრბო ფუთფუთებდა უფლებათა დასაუფლებლად,
როზგი მოჰქონდათ მეროზგეებს ხალხის საროზგად
და ქალაქებში - მარტოოდენ გულანშაროსღა
შემორჩენოდა სილამაზე ასე უკლებლად.

აღრეულიყო უღირსებში ღირსი, საღირსე
და ჯოჯოხეთი შემდგარიყო ცის უნაგირზე;
ხარს კი რა ექნა, - საზიდარი უნდა ეზიდა,

სულთმობრძაობდა ხეივანში ალვა კენარი,
ერთ მაბეზღარას გაიხმობდნენ ასპარეზიდან
და იქვე რქებით მოდიოდა სხვა მარქენალი...

??????