ბაკურაძე შალვა
გაზიარება

მგალობელი ფიტულები 

ტყეში მოკლული ფრინველები მონკავშირის მაღაზიაში
განაგრძობენ სიკვდილს
ტყავის ჩექმები სანადირო თოფები საფანტი და შუშის თვალები
ცნობისმოყვარე ქალაქელებს უამბოებნ დარღვეული
წრებრუნვის ამბავს
კაკაბის იხვის გნოლისა და მტრედის სულები
ვერ შორდებიან საკუთარ ცხედრებს
და გაყინული ნისკარტიდან გალობენ მათთვის ვისაც არ ესმის
ვინც ვერ ხედავს ბუმბულს მიღმა გულის შემცვლელ ბამბას
და ნახერხს

მოდი წავიდეთ მონკავშირის მაღაზიაში
გადავიხადოთ მცირე თანხა
შევიძინოთ წეროს ფიტული და მივართვათ საყვარელ ქალს
ნიშნად მარადი სიყვარულისა
თან ესეც ვუთხრათ:
ის გაზაფხულზე დაბრუნებით არ გაგახარებს
და შემოდგომით თბილ ქვეყნებში არ გაფრინდება
შენთან იქნება სამუდამოდ როგორც სიკვდილი
და ნახერხისფერ ლამაზ წუთებს გაგიხანგრძლივებს

დილაადრიან მკვდარ სიმღერებს იმღერებს შენთვის
სარჩოს არ მოგთხოვს წყალს არ დალევს შენი თეფშიდან
მხოლოდ ოთახის სიმყუდროვით გაბერავს ჩიჩახვს
და თვალებიდან ჩემს სიყვარულს ამოგიკენკავს

წვეულებაზე ნათესავებს მოიპატიჟებს
შაშვებს და ხოხბებს მონკავშირის მაღაზიიდან
ისინი ჩაით გამთბარ სუფრას მიუსხდებიან
და საკუთარ თავს სამეგობროდ გისახსოვრებენ

კვლავ ძველებურად ეყვარები ოჯახის წევრებს
ვერ შეამჩნევენ შენში რამე განსაკუთრებულს
რადგანაც მხოლოდ მე მივხვდები რომ გაიზარდე
და იმ მგალობელ ფიტულად რომ გადაიქეცი

??????