ბაკურაძე შალვა
გაზიარება

პეიზაჟი დახატული სამრეკლოს ფონზე 

"მე რაც მაქვს, მხოლოდ შენთვისა მაქვს და რაც არა მაქვს,
ისიც შენთვის მაქვს ჩათქმული" და ეს რომ გამეგო
ჩუმად ავდექი, გამოვაღე ცალი დარაბა,
დილბურანში რომ დამენახა სოფლის სამრეკლო.

მგონი, ოდნავი ქარი ქროდა, რადგან სარეცხის
ნესტიან თოკზე გადაფენილ ცისფერ სარაფანს
რაღაც არხევდა და ფანჯრისქვეშ ეზო დამრეცი
ხელს ვერ მიშლიდა დამენახა სოფლის სამრეკლო.

ეზოში იდგა სამი მსხალი, ერთი ქლიავი,
ნიგოზი ფილტვებდაჩრდილული - ნიგვზის ფოთლებთან,
ჰო, გამახსენდა, მუდამ დაქრის გრილი ნიავი,
სწორედ ის, ახლა, რომ არხევდა, რომ აცოცხლებდა
სარეცხისთოკზე გადაფენილ ცისფერ სარაფანს...
ეზოში იდგა სამი მსხალი, ერთი ქლიავი...

ეზოს ბოლოში ჩეჩმა იყო, იქვე ბოსელი,
მარჯვნივ საღორე და თექვსმეტი ჩლიქით მოზელილ
სუნთქვადაორთქლილ ტლაპოს ხვნეშას ვერ მოვისმენდი,
რომ არა ნიგვზის თავანკარა გრილი ნიავი
და გარიჟრაჟის ოდნავ სუნი, სწორედ ისეთი,
როგორიც არის გადაღმიდან უცხო მოზვერის
დილის ღმუილი და მის ფონზე სოფლის სამრეკლო.

??????