გაზაფხული
ხე მწვანეს იცვამს, კვირტები ღვივის,
გაზაფხულს ბევრი საქმე ჰქონია!
თეთრ ყვავილს ჰფანტავს ხეების მწკრივი
და გეგონება _ მტკვარზე თქორია.
ფერი მოსვლიათ უკვე ჯეჯილთაც,
თითქოს ბუნება მართლა ბავშვია _
შეხედე, როგორ შრომობს ბეჯითად,
როგორ ფუსფუსებს, რა ამბავშია!
დათბა და ლაჟვარდს გააქვს კაშკაში,
ცაზე გაუბამთ მერცხლებს პწკარები,
ასე მგონია, ამ გარდაქმნაში
მზეს და გაზაფხულს მეც ვეხმარები.
ჩავცქერი მიწას, ვუსმენ ბალახებს
და არაფერი მეუცხოება, _
ჩვენც ხომ ვაშენებთ, ჩვენც ხომ ვანახლებთ,
გაზაფხულია ჩვენი ცხოვრებაც.
რტოებზე კვირტი იღვიძებს თვლემით,
უთვალავ აკვანს არწევს ბუნება...
რად მინდა თავი, ცხოვრება ჩემი
თუ ამ ფერხულში არ მეგულება.