ჭავჭავაძე ილია
გაზიარება

ლოცვა 

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! 

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა: 

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, 

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა... 

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, 

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, 

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, 

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” 

??????