ღამის ქალაქი
აი, მე ვწევარ შენს ფილაქნებზე, აი, მე ვწევარ და ვიღიმები.
ღამის ქალაქო, მე არ ვიცოდი, შენი დამზრალი ქვაფენილიდან
ვარსკვლავებს თვალს თუ ავაყოლებდი და ავხედავდი ასე ირიბად.
ღამის ქალაქო, ღამის ქალაქო, განათებულო სუსტი სხივებით,
აი, მე ვწევარ შენს ფილაქნებზე, აი, მე ვწევარ და ვიღიმები.
ვერ გამიგია, ვერ გამიგია, ჯოჯოხეთია ეს თუ ედემი,
როგორ ანთია ქვაფენილებზე ელნათურების ნიშანსვეტები.
როგორ გადატყდა ჩემი ბავშვობა, როგორ განერთხა მიწას ლერწივით
და როგორ დავრჩი ღამის წიაღში შუქ-ჩრდილებისგან გამოძერწილი.
რატომ მიმღვრევდა დაუსრულებლად სულს ამ სხივების ცივი ციმციმი,
როცა ეფინა შუაღამეულ ოთახს ქუჩიდან შუქი სიგრძივი,
ანდა რა იყო, რა მოვისურვე, რა მაწვალებდა, რისთვის დამჭირდა,
თვალი ხანგრძლივად რომ გავადევნე დამრეც ქვაფენილს ვიწრო ფანჯრიდან.
ღამის ქალაქო, ღამის ქალაქო, გადამეწურა შენი იმედი,
და მაინც ვწევარ შენს ფილაქნებზე, და მაინც ვწევარ და ვიღიმები.