ბუაჩიძე ანდრო
გაზიარება

შემთხვევა 

ქალაქში ცოლმა მოჰკლა ქმარი, _
ქალაქის რომელიღაც უბანში _
და სისხლიანი დანა დასდო მაგიდაზე.
და მერე როგორც ხდება, _
აიღო დანა და დამალა,
სხეულიც დამალა
და იჭვრიტებოდა ვიწრო სამლავიდან.
მაგიდაზე დარჩა სუფრის საწმენდი ჩვარი,
დარჩა კოვზი თიხისტარიანი,

დარჩა მზის ხაზი დანითურთ და სისხლის წვეთებითურთ.

მოვიდნენ ქმრის ამხანაგები
და მრავალსართულიან სადარბაზოში
ალიაქოთი გამოჰფინეს დროშასავით.
ალიაქოთი აჰყვა კედლებს შვეულად
და მეზობლების ოთახებში შეაღწია,
ეს იმ დროს მოხდა,
როცა სამსახურებში ცარიელი ოთახებიღა რჩება,
როცა ხალხის მსხმოიარე მტევანი
აათკეცებს ტროლეიბუსის სიმძიმეს.
(ესე იგი ეს მოხდა მზისით),
ქმარს არაფერი არ უთქვამს ამხანაგებისთვის,
რადგან სიკვდილთან შეიკრა პირი,
რადგან სიკვდილი მოულოდნელი ძღვენივით მიიღო,
თუმცა არ ითვალისწინებდა
მეტამორფოზას საკუთარ ელენთაში.
ამხანაგები განეფინენ ცარიელ ოთახებს,
ამხანაგები განეფინენ ჭრელი ფარდაგებივით,
ამხანაგებმა გააბოლეს გემრიელი თუთუნი,
ამხანაგებმა განიკითხეს უენო ცოლი,
ცოლმა ამხანაგებს წარუდგინა ხელები,
ცოლმა ამხანაგებს წარუდგინა სხეული,
კურცხალი ცრემლიც კი არ გააჩნდა ცოლს.

ამხანაგებმა საქმიანად შეარხიეს მხრები,
ამხანაგების მხრებმა მიიღეს საქმიანი იერი.
და როგორც საქმის მჩარხველებმა ბოლთა დასცეს.
ამხანაგების მხრებმა და ხელებმა
ერთობლივი გადაწყვეტილებით იყიდეს არაყი.
არაყი უყვარდა მკვდარსაც,
მაგრამ მას აღარ ჰქონდა დალევის სურვილი.
მას სახეზე ეწერა უსურვილობა.
ამხანაგებმა დალიეს არაყი,
შინ წავიდნენ და დაიძინეს.
ცოლს ეძინა. ეძინა ქმარსაც.
მთვარე იყო ნახევარი
და ნახევარზე უფრო ცოტა.

??????