წაბლის ხეებთან
წაბლის ხეებთან, მობუტბუტე წყლის ზედაპირთან,
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
სიცარიელე აივსო ქარით და გადაფითრდა,
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
მუქ სიმწვანეში, მკვდრის ხეივნის გაყოლებაზე,
და შენი ხელი იქნება კვარი,
შენ ჩამოწყვეტ დარხეულ ტოტზე ფოთოლს შემაზრზენს.
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
სიმპათიური, სულ ახლახან თმაშეკრეჭილი,
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
რაღაც ექნება მაინც თვალში მწარე ეჭვივით.
სუყველა წასულს იხსენებს მტკვარი,
რაღაცნაირად, უცნაურად მიიზლაზნება,
მას რაში უნდა ცრემლები მტკნარი,
ის ალბათ ნატრობს ნაპირებზე მკვდრების ზარ-ზეიმს.
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
შეებორკება, ვიცი, ენა ნელთბილი ჯავრით
და მუქ ლაჟვარდის კიდეზე მდგარნი,
დავემგვანებით წყალზე ჩრდილებს კანკალით ჩავლილს.
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
მე და შენ დიდხანს ვისაუბრებთ სველი ტუჩებით,
ტუჩების ირგვლივ სიტყვები მხდალი,
იტრიალებენ როგორც ბრმები და ყრუ-მუნჯები.
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
შავი ლაჟვარდი შორს დადგება, როგორც საწოლი,
შენი თვალები წყალივით მკრთალი,
ამოაბრუნებს რაღაც ფერებს ნაღველგაწოლილს,
ამაღამ ილაპარაკებს მკვდარი,
გადააქოთებს ხეთა ტევრი მთვარეს გვარიანს,
შენი ტერფი იქნება კვარი,
მკვდარი კი ჩემი ძველთაძველი მეგობარია.