გამეზარდაშვილი ზაზა
გაზიარება

თავხედი 

(შემთხვევა მესაფლავეთა ცხოვრებიდან)

"ძველ საფლავს ვთხრიდით - უბრალო საფლავს,
მივიწყებულს და გადავლილს შამბით.
ლუპის ქვეშ ვფხიკეთ სპილენძის დაფა,
მაგრამ ხავსით და წვიმებით გაგლილს
ასოც არ აჩნდა - სპილენძს ხომ სწრაფად
სჭამს სიჩუმის და ფიქრების ჟანგი...
ვაჟი ესვენა, როგორც ჩვენ გვახსოვს,
მკვდარი ბრონქიტით თუ ათაშანგით.

და მგონი იდგა აპრილის ბოლო,
მწვანე სუდარებს ქსოვდნენ ხეები,
მზე აღვივებდა თოთო კვირტებში
მთვლემარ სიკვდილის სულ პირველ ჰორმონს.
მყუდრო ადგილი სურდა ერთ ვაჭარს -
ჩვენ მისხალ-მისხალ გავყავით ორმო...
წლის სწორედ ამ დროს სამარის გაჭრა
იოლია და სასიამოვნო.

ზოგჯერ ისედაც ვხსნით ძველ აკლდამებს
როდესაც ენით გამოუთქმელი
სევდა აგვრევს და აგვაკანკალებს.
ბასრ მარწუხებად მკერდში მობჯენილ
ტკივილებს მხოლოდ ამ გზით ვაკავებთ -
თავად არ ვიცით... როგორღაც გვშველის...
ყრმობას თუ ველტვით, ფერგადაცლილ წამთა ნაკვალევს -
ამ საფლავებში ხომ წარსული მარხია ჩვენი.

ჰოდა ამ დილით მსგავს იმედითაც
ვეძებდით საფლავს მრუმელოდიანს -
კუშტ და საზარელ ლანდთ გავურბოდით,
სულში დროდადრო რომ შემოდიან...
უხმოდ ავკაფეთ დაფნა, ძეძვები,
დამღად რომ ედო ადგილს ცოდვიანს,
უხმოდვე ვთხრიდით და ყურს ვუგდებდით
ნიჩბების რიტმულ, წყნარ მელოდიას.

და უცებ... ვერც კი ვიტყვი რარიგად...
პირქუშ ზღაპრებში როგორც იციან,
სამარის რუხი ფსკერი აინგრა,
ნელა, თანდათან ამოიწია...
მთლად ამოინგრა საფლავის ფსკერი,
ისე ძალუმად ამოიწია
და ბნელ მიწიდან კაცი ამოძვრა...
ჰო, კაცი... განა გველის წიწილა.

ჩვენც ღვინოში ვკლავთ სიკვდილის ლოდინს -
უწინდებურად აღარ მოგვდევს მკლავში ჯან-ღონე.
თუნდაც უტურფეს ქალისთვის ლოდის
გამოთლა უკვე აღარ გვაღონებს...
თუნდ ჩვილთათვისაც... უწინ თუ ვთრთოდით,
დღეს გულუძრავად დავცლით ვაგონებს...
ჩვენ დედამიწას ვაპირკეთებთ მარმარილოთი,
ცის სილურჯეც კი ცხედარს გვაგონებს.

მაგრამ აქ შევკრთით, გულ-ღვიძლი თითქოს
ერთად დასერა ათასმა დანამ.
ელდამ გაგვთასმა და დაგვამუნჯა,
თუმცა მსწრაფლ ვძლიეთ შიშის ნატამალს.
ვიფიქრეთ, რამე ცოდვებისათვის
თუ გვეწვია-თქო ბილწი სატანა...
ან საკუთარ მკვდარს ვინმე ოხუნჯმა
თან ზამბარები თუ ჩაატანა.

მკვდრების წარსულს ჩვენ ხელახლა ვბადებთ,
ყოველ მათგანზე ვზრუნავთ და იმათ
ჩვევებს, აზრებს და ხასიათს ვადგენთ,
მათ მისწრაფებებს ვიძიებთ. ხშირად
გულს და მაჯასაც კი ვაყურადებთ
არ გამოვდგებით თუმცა ექიმად...
ლინზებით ვიკვლევთ იმ მუქ სურათებს,
გვამთა გუგებში რომ დალექილან.

მას კი ნამდვილად განგებისაგან
ეწერა ყოფნა ასე მიფარვით,
რათა არ გვეცნო მისი წარსული
და საიდუმლო განსაცვიფარი.
ბედი სწყალობდა ამ ბრმა თხუნელას,
კაცად მოქცეულს გრძნების ტვიფარით,
ახლა რომ იდგა ჩვენს წინ უვნებლად
ყოვლად უმსგავსი და უტიფარი.

მერე კი... ალბათ არც ღირს ბოლომდის...
ამ გრძელი ამბის წვრილად აღწერა
თუ გაგიცრუებთ მხოლოდ მოლოდინს,
კარგა ხანს უტყვად ვიდექით ყველა,
ვიდექით - თითქოს ვინმეს ვგლოვობდით,
ჩვენს შორის ორმო მოჩანდა შავად...
შემდეგ შეგვავლო გულგრილი მზერა
და არხეინად გაუყვა შარას."

??????