წულუკიძე სულხანის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ სულხან წულუკიძესთან  

კორესპოდენტი: ნინო მშვიდობაძე
 
პოეზიის თავისუფალი ტყვე და ახალი დროის ფიროსმანი

ასაკი ადამიანის მიერ მოგონილი სულელური საზღვარია მაინც და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. შესაძლოა, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიოლოგიურ ასაკზე უმთავრესი მაინც მენტალური ასაკია. ადამიანი ხომ იმდენ ხანს ცხოვრობს, რამდენი წამიც ამახსოვრდება.
მას ძალიან უყვარს პაოლო იაშვილი. შესაძოა, იმიტომ, რომ პაოლოსნაირი ხასიათი აქვს, ამოუცნობი და ქროლვის მოყვარული. მისთვის თავისუფლება პოეზიაში ტყვეობაა და საერთოდ, თავის იისფერ სამყაროში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
სულხან წულუკიძემ საჯარო სკოლა წელს დაამთავრა, ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ინტერვიუს ჩაწერისას ასე მეგონა, გაცილებით დიდი ასაკის ადამიანს ვესაუბრებოდი, ერთცხოვრებაგამოვლილს უკვე, ვიდრე იმას, ვინც ახლა მიუყვება ცხოვრების ძნელ და ჩახლართულ ბილიკს.
სულხანს გამორჩეული ხმის ტემბრი აქვს და თუ ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია მისი წაკითხული ლექსი, არასოდეს დაავიწყდება. თუმცა სულ სხვაა მისი პოეზია და საერთოდ, სულხანის სამყაროც განსხვავებული და მრავალფეროვანია, მისი ფსევდონიმი (ნიკიც) ”მეწერებაა”-ა, რადგან ყოველთვის ეწერება:

– როდის იგრძენი პირველად, რომ გეწერებოდა?

სერიოზულად ეს ორი წლის წინ ვიგრძენი. სწორედ მაშინ მოვიდა ჩემთან ქალბატონი პოეზია.

– როგორ მოვიდა? ვინმემ მოიყვანა?

არა, არავის მოუყვანია. დაკაკუნების გარეშე მოვიდა და გაბატონდა. თუმცა ამას ხელი სიყვარულმაც შეუწყო.

– არა მგონია, მხოლოდ სიყვარულზე წერდე...

ძირითადად, სიყვარულზე ვწერ მაინც, თუმცა სხვა თემებიც გამოერევა.

– მაგალითად, ტკივილი არა?

კი, ტკივილიც, სიყვარული ტკივილის გარეშე ხომ არც არსებობს.

– შენ, რომელიც ასე მძაფრად განიცდი და აღიქვამ ყველაფერს, არ გიძნელდება ყოველდღიურობასთან შეგუება?

შენ წარმოიდგინე, არა. პრინციპში, თავისით ხდება, რომ რეალური ცხოვრებით ვცხოვრობ მე იისფერ სამყაროში. მიყვარს იისფერი. ხანდახან მუქდება, მაგრამ ვწმენდ თავად.
– 
– კარგია, თუ ამას შენ თავად ახერხებ...

მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით მაქვს ამის ძალა.

– რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?

ერთგულებას, როცა სულ შენს გვერდითაა და არასოდეს მიგატოვებს.

– თავად რამდენად ხარ ერთგული?

ვცდილობ და მინდა ვიყო ერთგული.

– გამოგდის?

ეს ალბათ, სხვამ უნდა თქვას, მაგრამ მგონი გამომდის.

– შენს ლექსებს ყველაზე პირველად ვინ კითხულობს და ვინ „გიჭაშნიკებს?“

დედა, ცხადია და კიდევ ჩემი სიყვარული, გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარს.

– იღებ თუ არა შენიშვნებს და ითვალისწინებ თუ არა მათ?

დადებითად ვიღებ და მშვიდად, შეძლებისდაგვარად, ვითვალისწინებ კიდეც.

– საერთოდ, თუ ხარ მშვიდი ბუნების?

არც ისე, არის მომენტები, როცა ძალიან ფეთქებადი ვარ, თუმცა ვცდილობ ვიყო მშვიდი.

– წეღან ახსენე გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარსო. სიყვარული რაა შენთვის?

ყველაფერი, თუმცა შესაძლოა, რაღაც მომენტში არც არაფერი იყოს. საერთოდ, უფალს ვთხოვ, რომ სიყვარულის ახსნა შემეძლოს. ჯერ ვერ ვხსნი, ვიცი, რომ სულშია და ვგრძნობ.

– კი, მაგრამ შეყვარებულს არ ეუბნები მიყვარხარო?

თქმით არა, ვაგრძნობინებ, ლექსებით ვეუბნები, თუმცა ახსნა რომ მომთხოვოს, იმას უფრო ავხსნი, რატომ მიყვარს და არა იმას, თუ რა არის სიყვარული.

– ერთგულებას რომ აფასებ, გავიგე, მაგრამ რას ვერ აპატიებ ადამიანს?

ღალატს და ჩემს მიმართ უყურადღებობას. ძალიან ფეთქებადი ვარ და შეიძლება დავაზიანო კიდეც, თუ მიღალატა და გულგრილი გახდა ჩემდამი.

– ანუ გინდა სულ შენს გვერდით იყოს და მუდამ ყურადღებიანი იყოს შენდამი?

ცხადია, მინდა.
– შეიძლება ვცდები, მაგრამ შენმა პასუხმა მაფიქრებინა, რომ მბრძანებლური ბუნების ხარ, გიყვარს, როდესაც გემორჩილებიან. ასეა?

ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს მოსწონს, როცა ემორჩილებიან. ხშირად ხდება ასე–მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ სიყვარულით მიყვარს ნამდვილად, როცა მემორჩილებიან.

– და თავად თუ ხარ მორჩილი ვინმეს წინაშე?

შემიძლია ვიყო მორჩილი საყვარელი ადამიანისადმი.

– მორჩილება დისკომფორტს არ გიქმნის? იქით გიყვარს დამორჩილება და...

ნაწილობრივ კი, მაგრამ ამასაც ჩემებურად ვარჯულებ.

– ანუ როგორ?

როგორც მე მეხერხება და გამომდის (იცინის).

– რა არის თავისუფლება?

თავისუფლება ჩემთვის პოეზიაა. აქამდე ვამბობდი, რომ ოდესღაც პოეზია მიყვარდა, ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრებაა პოეზია. როცა საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი, მაშინ პოეზია მაპატიმრებს. 

– გამოდის, რომ სასურველი პატიმრობაა ეგ? გინდა იყო პოეზიის პატიმარი და ხარ კიდევაც?

კი, ასეა, მინდა ვიყო პოეზიის პატიმარი.

– და ეს არის თავისუფლება?

კი, ეს არის კიდეც თავისუფლება.

– უცნაური აღქმაა. 

ასეა ნამდვილად. მაპატიმრებენ ხშირად რითმები, სიტყვები. მადებენ ხელზე და ყელზეც ბორკილებს, როცა ჯარიმას არ ვიხდი. ჯარიმა კი ლექსია. 

– შენი საყვარელი პოეტი პაოლო იაშვილია, როგორც გავიგე. შეძლებდი პაოლოსავით გეცხოვრა?

მე დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობ. თუმცა შესაძლოა, თავიც გავწირო, ოღონდ ცოტათი მეშინია.

– შიშის დაძლევის სურვილი არ გაქვს მერე?
როგორ არ მაქვს და ხშირად მიჯობნია კიდეც შიშისთვის.

– სულხან, შენი სამყარო, თანაც იისფერი სამყარო იმდენად სხვანაირია, ვერ წარმომიდგენიხარ ქუჩაში, ხელჩართულ ჩხუბში. დავიჯერო, არ გქონია ასეთი შემთხვევები, არ ყოფილა შენს ცხოვრებაში ქუჩური გარჩევები, ჩხუბი, თუნდაც გოგონას გულისთვის?

ქუჩური გარჩევები ალბათ, ყველა ბიჭს აქვს. მეც მქონია. სხვათა შორის, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეც მიტაცებდა ძველბიჭობის ინსტიტუტი, წვრილმანი ხულიგნობის გამო  „კაპეზეშიც“ კი ვიჯექი. მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს ცხოვრების არასწორი გზაა, რომელიც ღუპავს ადამიანს. ახლა უკვე ცხადია, ასე არაა. მივხვდი, რომ არსებობს უფრო კარგი და სამართლიანი გზაც, რომელზეც ყველამ უნდა ვიაროთ. საბედნიეროდ, მალე მივხვდი. მტკივა წარსული, მაგრამ მჯერა, გავა დრო და მერე ამ ამბავს ირონიულადაც კი შევხედავ.

– შენ და ირონია? ცოტა დაუჯერებლად ჟღერს...

ჰო, ასეც ხდება. არ მიყვარს ირონია, მაგრამ ხანდახან საჭიროა, ტკივილი რომ არ შემოვიდეს სულში, იმიტომ.

– ანუ შენი ფარი ყოფილა ირონია?

ასე გამოდის, თავის დაცვის მიზნით ვიშველიებ ხოლმე, თუმცა თავდასხმისთვისაც გამომიყენებია.

– საყვარელი ადამიანისათვის რაიმე თუ დათმობ?

მქონია ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდიც, საყვარელი გოგოს გულისთვის ძვირფასი ინსტრუმენტიც კი გავყიდე, როიალი.

– ფიროსმანივით მოქცეულხარ...

მიყვარს ნიკალა მოკლედ, საყვარელი ადამიანისათვის სიცოცხლის დათმობაც არ მეძნელება და მგონი, ეს უფრო სისუსტეა ჩემი, ვიდრე სიძლიერე.

- როგორია სულხანი ქუჩაში, ახლობლებთან?

პირველ რიგში, ქართველი ვარ ყველგან, ყველასთან და ყოველთვის. საერთოდაც, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ქართველად დაბადებაა. 

ასეა, სულხან წულუკიძე იმ ქართველთა რიცხვს განეკუთვნება, უსაქართველოდ ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენია, არც უნდა ცხოვრობდეს სხვაგან და მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მართლაც აქ, საქართველოში, წვიმიან ბათუმში ცხოვრებაა, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავს, სადაც მისი საყვარელი გოგონა ცხოვრობს და სადაც ეწერება.



დამაბრალებენ 
ღამე, არაყი, ზღვარი ივლება,
ახლა სიცხადეს წერენ თვალები,
შენზე ოცნებებს გადავივლებ და
-”პოეტიაო” - დამაბრალებენ.

არა, ძვირფასო, მოვრჩი, გავნელდი,
მხოლოდ შენს ხატებს ვუწერ ტროპარებს,
ლექსი კი მაშინ გადაგრანელდა,
როდესაც ღამეს ფიქრი მოვპარე -

გარდაცვალება. ხვალ რა იქნება,
ალბათ იტირებს ღმერთი ხელახლა,
იცი ძნელია იმის მიგნება,
რასაც იქ ეძებ, სადაც ვერ ნახავ,,,

არა აფსურდი, რადგან მე ასე,
ბევრი დილა და ღამე ვათიე,
ისევ ტკივილი მოდის მეასედ,
ისევ გეძახი, გთხოვ, მაპატიე!

ღამე, არაყი, უცხო სიზმრები,
კვლავ მაშინებენ მუქი თვალებით,
ვიცი, ხვალ რომ გულს ამომივსებენ
და უგულობას
                            დამაბრალებენ...
 

??????