ქარო ექსკლიუზივი
მე იმედი ხელის გულზე
ყინულივით მადნება,
დამარბიე ქარო თუ გსურს,
ნუღარ მოგეხათრება.
არაფერი შემრჩა უკვე,
საფრთხილო და საცავი,
გადათელილ კორდზე ვწევარ,
დამჭკნარ ნარცისასავით.
არც სიცოცხლე ჰქვია ამას,
არც სიკვდილის ნაპირი,
ვეღარ ვხვდები რომელ ცეცხლზე
დავიფერფლო თავ-პირი.
იქნებ ჩემი სულის გვემა,
ერთობ ამოიმარგლოს,
ქარო, ისე გადამკარგე,
რომ ვერავინ მიმაგნოს.