გელაშვილი ნაირა
გაზიარება

ცუდი სიზმარი 

ჩემს უძვირფასეს არსებებზე რაღაც კოშმარი
მესიზმრა, ღმერთო! ვის შევჩივლო, ვის რა გავანდო!
("არ უნდა მოჰყვე, რომ არ ახდეს"!) - სიზმარში კედელს
თავს ვახლიდი და გავკიოდი უმისამართოდ

და უხმოდ, როცა დამეკეპა გული, ცხელ ნაცრად
მექცა და გულში ვიხუტებდი ორ უძვირფასესს,
მე არ შემეძლო მათი შველა, თუმც ვპირდებოდი
ცრემლების ნთხევით, არ მჯეროდა ჩემი სიმართლე.

ო, ღმერთო ისე მარტო ვიყავ ჩემს ტანჯულებთან,
ისე უმწეო, უბედური, ჩვენს გეჰენიას
სახე აქვს მხოლოდ უახლოეს ადამიანთა
ტანჯვის და ასე ყოფილა და ეს გვწერებია.

მშობლიურ წყალთან მივირბინე, სახლის ონკანის
ნაკადს უღონო ხელს ვუსვამდი, ჩემი ნატანჯი
ხალხის უძველეს რწმენა-ჩვევის მიხედვით სიზმარს
წყალს ვუამბობდი და შორეულ წყლებთან ვატანდი.

და თან ვაყრიდი მუჭა-მუჭა მსხვილ მარილს, მსურდა
ღამეთა მთელი დინასტია თეთრში ჩამეფლა,
მერე ავანთე ლილისფერი ყვავილი გაზის,
ცეცხლს მივეც ხილვა დასაწვავად და დასაფლეთად.

წყლისა და ცეცხლის მერე მოველ შენთანღა, ღმერთო,
სანთლებს რომ ალი ასდიოდა, ცრემლს ვერ მიშრობდა.
დღესა და ღამეს რა საზარელ ნიშანთა ენა
დასჩემდათ, დროა გარდამსახო ქვად და ქვიშრობად.

ღმერთო, გისურვებ გახარებას შენი შვილებით:
სხვებით და ჩემით, ესე იგი კაცობრიობას
ვუსურვებ შეძლოს სიხარულით აგივსოს გული,
თუმცა, არ ველი დაბადებას ახალ იობთა.

შენც ეს გვისურვე, მშობლები ვართ ირგვლივ ყველანი,
და ცრემლიც მუდამ მართალია, ჩუმად გადიდებს,
რა უნდა მოხდეს, რომ სიმშვიდის მწიფდეს მტევანი
და რომ სიზმრები ქვესკნელური აღარ აგვიხდეს.


2003 წ. 8-9 ნოემბერი

??????