გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

თამაში 

- დედა, წავიდე ბებოსთან?
- წადი.
- დავრჩე ამაღამ?
- დარჩი.
დარჩიო!!
თუ არ არსებობს ბედნიერება,
მაშინ იმ წამს რა უნდა ერქვას?
თუ სამოთხე აქაური არ არსებობს,
მაშ, რაღაა ბებიის სახლი?
წამოვკრიფე
თოჯინა და
აკვანი და
აკვნის რამერუმეები
და გავფრინდი ზევითუბანში.
ის აკვანი ჩემი ხელით გამოვჩორკნე.
უშოვნელობა თუ იყო, თორემ
გულს არ დამწყვეტდნენ,
დურგლობამდე საქმე, ალბათ, არ მივიდოდა.
გამომივიდა ნახელავი -
ირწეოდა... იდგა... დამქონდა...
აკვნობას სწევდა;
არ დაშლილა, გამოგვზარდა
მე და ჩემი პატარა "კუკლა".
კიდევ კარგი, გამოვჩორკნე,
ხომ ვეღარ ვიტყვი,
აკვანთან არ ვმჯდარვარ-მეთქი,
უიმედოდ გადაბრტყელებულ
ჩითის მკერდზე
მივიკრავდი ჩემს პატარას,
ვაწოვებდი და ვუგურგურებდი.
დაუბანელს არ ჩავაწვენდი;
გაკრიალებულს, გამშრალებულს,
უკვე სააკვნედ გამზადებულს,
ქათმის სკინტლსაც ამოვცხებდი ერთ ალაგას -
თავისით ის არ ჩაისვრიდა
და ისე კიდე
რაღა ბავშვი იქნებოდა!
მერე ხომ უნდა მებუზღუნა -
მომკლა ამდენმა სარეცხმა-მეთქი.
კიდევ კარგი, ეს მოვიფიქრე;
ხომ ვეღარ ვიტყვი,
რომ ჩვილისები არ მირეცხია..
ისეთებიც არიან თქვენში? -
ვინც იკადრებს, ნიშნი მომიგოს -
ქათმის სკინტლიანს რეცხავდიო!
ბავშვობის მადლით და სასწაულით
და გრძნეულებით,
და წარმოსახვის განამდვილების
ღვთიური ნიჭით
მე მაშინ მართლა დედა ვიყავი
და შვილი მართლა ჩასვრილი იყო.
...მაინც რამდენი ვითამაშე
დედაშვილობანა,
რა გატაცებით, თავდაჯერებით, უშეღავათოდ.
იცოდა ღმერთმა -
უფრო დედა, ვიდრე მაშინ,
არასოდეს რომ არ უნდა ვყოფილიყავი.
იცოდა, რომ,
მერეც და მერეც,
რეალობას წარმოსახვებით
არაერთხელ ჩამინაცვლებდა.
იცოდა ღმერთმა,
რისთვის უნდა ვემზადებინე,
როგორი შემქმნა -
არარსებულით ისე მძაფრად უნდა მეცხოვრა,
რასაც მრავალნი
არსებულით ვერ ახერხებენ.
იცის ღმერთმა -
ვისაც ნამდვილი წყალი სჭირდება
დასარწყულებლად,
თუნდ უგემური, ოღონდ ნამდვილი,
ხელშესახები, ჩასაყლურწი,
იმას ნამდვილ წყალს ჩაუსხამს პეშვში.
...ასფურცელა ქადასავით
დამძიმდა და დატკბა წარსული;
შემიჩვია,
გემრიელ თითებს მალოკინებს.
ტანი გაივსო, ფუვდება, ფუის;
მომიახლოვდა, დამიახლოვდა,
ლამის არის,
აწმყო კი არა,
ხვალეებიც გადამიფაროს.
ხომ ასე იცის -
სადაც ცარიელ ადგილს ნახავს,
ყველგან უნდა დაიდგას ტახტი.
ვერ შევაჩერებ -
თაფლის სურნელიც იქიდან მოდის,
მწარე გემოს ვითომ წამალი.
რად შევაჩერო? -
იქ ერთი კნაჭა გოგო თამაშობს;
ვუმზერ ღიმილით, დაჟინებით.
ვერ შემამჩნევს,
ის ხომ არც მიცნობს;
ან სად სცალია მომავლისკენ გამოსახედად!
მე ვიცი, რომ თამაშობს,
თვითონ არ იცის.
როცა ამას მიხვდება,
უკვე მე იქნება და არა ის.
სინათლით მავსებს ბავშვის თამაში:
აი, უმწიფარ ჩითის მკერდზე
მიიკრა თოჯინა - აჭმევს...
აი, აკვანი, არტახიან-ყველაფრიანა...
აი, აბანებს...
აი, ჭერმის ტოტს შეამტვრია წკირი,
ნაწვიმარს,
ქათმის სკინტლში ამოურია,
თოჯინას წასცხო,
რომ სავიშვიშო გაიჩინოს,
ხელი ნამდვილ სარეცხში ჩაყოს...
ნეტარი ბავშვი! -
თვითონ იმზადებს ილუზიას,
რომელიც იქვე
სინამდვილედ გადაუდნება...
თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.

??????